საპროტესტო აქცია ბათუმში: „სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს!“

ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც შეკრებილები იმ თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც პოლიციამ 11 იანვარს ღამით დააკავა.
„ეს ადამიანები უკანონოდ დაიჭირეს რეჟიმის დავალებების შემსრულებლებმა. აუცილებელია, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს აჭარის ხასიათი, იმიტომ, რომ გუშინ რაც მოხდა, მიუღებელია ყველასთვის“ – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
„სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს“ – საპროტესტო აქცია ამ ლოზუნგით მიმდინარეობს.
შეკრებილები აცხადებენ, რომ ქართული პოლიცია ემსახურება ბიძინა ივანიშვილს და არა საქართველოს.
“ადამიანები დააკავეს სტიკერების გამო, რომელზეც შეურაცხმყოფელი არაფერი ეწერა, მხოლოდ მოწოდება იყო გაფიცვისკენ. როგორც ჩანს, გაფიცვის ძალიან ეშინია “ქართულ ოცნებას”, ამას ვერ გაუძლებენ და ჩამოშლის არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ისინი მშვიდობიან პროტესტანტებს ემუქრებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულს”, – ამბობენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინ შეკრებილები.
საპროტესტო აქციის მსვლელობისას დემონსტრანტებმა სამთავრობო შენობის წინ საპროტესტო სტიკერი გააკრეს. საპატრულო პოლიციის მანქანაზე სტიკერი შინაარსით “გაიფიცე” გააკრა პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც, რომელსაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ჰქონდა აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულ პოლიციასთან.
”მეც მინდა მზია ამაღლობელი ვიყო”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ და ამით სოლიდარობა გამოუცხადა 11 იანვარს ღამით აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებულ მედიამენეჯერ მზია ამაღლობელს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ს საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 11 იანვარს დაკავებულებისა და სხვა მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
„რაიმე მსგავსი მტკიცებულება არსებობს ჩემს მიმართ? გულწრფელად რომ გითხრათ, გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში ისეთი ბრალდებები მოვისმინე, გაოცებული ვარ ადამიანების კრეატიულობით. კონკრეტული პირის დაკავების კადრები არსებობს, სრული უწყვეტი კადრია, ჩემი შენობიდან გამოსვლის, მასთან კომუნიკაციის და შემდეგ ქმედების. ზოგიერთი ადამიანი ფორმულირებას აძლევს, იგონებენ რაც სიმართლეს არ შეესაბამება. საგამოძიებო უწყებაში ყველა დაკავებულთან უფლებადამცველები და სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყვნენ. აქციის მონაწილეების მხრიდან არაერთი შეურაცხყოფა იყო პოლიციელების მიმართ, მტკიცებულებებს სასამართლოში წარვადგენთ. მარტივი და ცალსახა პასუხი მაქვს, არცერთი დაკავებულის და არცერთი მოქალაქის მიმართ რაიმე უფლებების დარღვევას ადგილი არ ჰქონია, მათი მხრიდან ცალსახა რადიკალური დამოკიდებულებებს, ლანძღვა-გინებას დაემატა სისხლის სამართლის დანაშაული, რასაც სასამართლოში გავარკვევთ. თუ მოხდა რაიმე სამართალდარღვევა ნებისმიერი პირის მხრიდან, პოლიცია რეაგირებას მოახდენს, მოგვმართონ კონკრეტული მტკიცებულებებით”, – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.
პოლიციამ 11 იანვარს ღამით დააკავა “ბათუმელების” დამფუძნებელი და რედაქტორი, მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) ედავება. ეს დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.
მზია ამაღლობლის დაპატიმრებას გამოეხმაურა , რომელმაც პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება:
“საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება…ერთ ღამეში ორჯერ!”.
მზია ამაღლობელი 11 იანვრის საღამოს საპროტესტო აქციაზე პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს, დაკავებიდან ორ საათში გამოუშვეს და გამოშვებიდან მალევე კიდევ ერთხელ დააკავეს.
ადვოკატებამდე მზია ამაღლობელი მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა – დაკავებულმა მას უთხრა, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა ბათუმის პოლიციის უფროსის მხრიდან, რომელმაც ის მას შემდეგ დააკავა, რაც გათავისუფლების შემდეგ ხელი, რომელზეც დაკავებისას ძალიან უჭერდნენ და სტკიოდა, გათავისუფლების შემდეგ ძლიერად აიქნია და უნებურად პოლიციელს მოარტყა.
11 იანვრის ღამეს ბათუმში 12 ადამიანი დააკავეს. მათი ნაწილი დაკავების შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს.