27 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით, “ბაზარი ორბელიანის” სივრცე მცირე მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის გამოსაფენად დაეთმო. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, რუსუდან ჩხიკვიშვილმა და პროექტების მენეჯერმა, ანა ბარათაშვილმა ისაუბრეს.
რუსუდან ჩხიკვიშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის მხარდაჭერა მცირე მეწარმეებისთვის არა მხოლოდ გაყიდვების ხელშეწყობას, არამედ ბიზნესის გაფართოებასაც უზრუნველყოფს. აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია აღნიშნული ინიციატივის გაგრძელებას და უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლას გეგმავს.
„მცირე ბიზნესები კმაყოფილები არიან. გამოხმაურება კარგია. ასეთი ტიპის მხარდაჭერა ხელს უწყობს როგორც გაყიდვების ზრდაში, ასევე კავშირების გაფართოებაში და შემდეგ უკვე თავიანთი ბიზნესის გაფართოებაში. შესაბამისად, ვაპირებთ, რომ ეს ინიციატივა გავაგრძელოთ და უფრო ფართო მასშტაბებზეც გავიდეთ. მცირე მეწარმეების მხარდაჭერასთან ერთად, მიზნად ბევრი გეგმა გვაქვს დასახული, რაც „ბაზარი ორბელიანზე“ მეტ მულტიფუნქციურობას შესძენს. ეს იქნება კულტურული სფეროს გარკვეულ წარმომაგენელთან კოლაბორაცია და საინტერესო ღონისძიებების ჩატარება, გასტროტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარება“, – ამბობს რუსუდან ჩხიკვიშვილი.
“ბაზარი ორბელიანზე”, პროექტ მენეჯერი, ანა ბარათაშვილი ეთერში განმარტავს, რომ ინიციატივის შემდეგ, კომპანიამ ექსტრემალურ რეჟიმში მოაწყო სივრცე და მეწარმეებს პროდუქციის რეალიზებისთვის დაუთმო.
მისივე ინფორმაციით, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო როგორც მეწარმეების, ასევე საზოგადოების მხრიდან. კომპანიამ 100-ზე მეტ მცირე მეწარმეს მოუყარა თავი, რომლებიც მათ სივრცეში სამ ნაკადად შემოდიოდნენ.
„ექსტრემალურ რეჟიმში მოვაწყვეთ სივრცე. განვათავსეთ დახლ-მაგიდების ინფრასტრუქტურა და ა.შ. მცირე მეწარმეები სამ ნაკადად შემოვიდნენ სივრცეში. 27-31 დეკემბერი, 2-8 იანვარი და ბოლო ნაკადი 9-15 იანვარი შემოვა. აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო, მათ შორის საზოგადოების მხრიდანაც. საშუალოდ 100, ოდნავ მეტი მეწარმე მოვაბილიზეთ.
უკვე არის გამოხმაურება. ამ პროექტის ერთ-ერთი წარმატებაც სწორედ იყო ის, რომ დაინტერესდნენ საერთაშორისო პარტნიორები და ადგილობრივი დონორები, რომლებსაც სურთ რომ ხანგრძლივ პერიოდში ითანამშრომლონ ჩვენთან ერთად. აქ მინდა ფოკუსი დარჩეს ისევ იმ მეწარმეებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ. რეალურად, როგორც ჩვენ, ასევე ნებისმიერი მხარდამჭერი ორგანიზაცია უბრალოდ ქმნის რაღაც პლატფორმას, რომელიც ამ მცირე მეწარმეებს საშუალებას აძლევს, რომ სადღაც მიიღონ მხარდაჭერა და შეიქმნას ასეთი ადგილი. ამიტომ, შემდეგ წელსაც ვაპირებთ მსგავსი პროექტების გაგრძელებას“,- აღნიშნა ანა ბარათაშვილმა.
ორბელიანის მოედანზე “ბაზარი ორბელიანი” ისტორიული კოლმეურნეობის ბაზრის ტერიტორიაზე 2021 წელს გაიხსნა. წლის განმავლობაში ბაზრის 100-მდე წერტილში სხვადასხვა ტიპის სასურსათო და არასასურსათო პროდუქტი იყიდება, მეორე სართულის სივრცე კი კვების ობიექტებს აქვს დათმობილი.