სეული ადასტურებს, რომ უკრაინამ ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევა

სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახური ადასტურებს უკრაინის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ს კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს და დაკითხეს. ინფორმაციას გამოცემა Barron’s -ი ავრცელებს.
„დადასტურდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 9 იანვარს, კურსკის ბრძოლის ველზე, ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს“, – აღნიშნულია სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთმა დატყვევებულმა ჯარისკაცმა დაკითხვისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ეგონა, რუსეთში წვრთნებისთვის გზავნიდნენ.
ჯარისკაცის თქმით, ჩრდილოეთ კორეულმა ძალებმა ბრძოლის დროს მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.
სეულის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, ერთ-ერთი ჯარისკაცის განცხადებით, დატყვევებამდე, 4-5 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე იყო.
შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს.