“ბათუმელების“ დირექტორი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა, თუმცა მასთან არ უშვებენ ადვოკატს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას.
“ამასთანავე მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოუთხრო, რომ როდესაც იგი პირველი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს, ჭყლეტაში მოხვდა და ხელზე ტკივილი იგრძნო, რადგან მას ხელზე ძლიერად უჭერდნენ. ხელის გათავისუფლების მიზნით, მან ხელი ძლიერად აიქნია და უნებურად მოარტყა პოლიციელს, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღმოჩნდა ბათუმის პოლიციის უფროსი. პოლიციის უფროსმა მზია ამაღლობელი მყისიერად, თავადვე დააკავა. როგორც მზია ამაღლობელია აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა განხორციელდა სწორედ პოლიციის უფროსის მხრიდან”, – ნათქვამია “ბათუმელების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.