ახლახან დააკავეს ბათუმის აქციების “დაუღალავი მედროშე” თემურ ქათამაძე, რომელიც მუჰაჯირების შთამომავალია. მილიციელმა დაკავებისას უთხრა, მე ხომ არ ჩამოვდივარ თურქეთში და არ ვიქნევ დროშასო, შენ აქ რა გინდაო? ეს სიტყვები აკადრა საქართველოდან იძულებით გადასახლებულ გურჯს. ბატონი თემური პირველ რიგში არის უსაყვარლესი ადამიანი, რომელთან საუბარიც ყოველთვის სასიამოვნოა. მისი წინაპრები ქობულეთის სოფელ ხინოდან, 150 წლის წინ, იძულებით გადაასახლეს თურქეთში. როგორც კი, ცოტა წამოიზარდა, ბებია-ბაბუისგან გაიგო, რომ ქართველია და ამის შემდეგ ქართულის სწავლა გადაწყვიტა და როგორც კი, საშუალება მიეცა, საცხოვრებლად საქართველოში წამოვიდა. ის ბათუმის აქციებზე ყოველდღე დადის და საქართველოს დროშას დაუღალავად იქნევს, საათობით. ბატონმა თემურმა აქციაზე ყოფნისას გვითხრა, რომ ბავშვობიდან იცოდა, ქართველი რომ იყო. გვითხრა რომ აჭარიდან იქ იძულებით წასული ხალხი ქართულად საუბრობდა, ქართულ კერძებს აკეთებდა, ქართულ ბეღლებს აშენებდა და ხილის დამყნამდე მისვლამდე, ყველაფერს ისე აკეთებდნენ, როგორც საქართველოში. თუ ვინმეს, ამ აქციაზე მყოფს, უბრძოლია საკუთარი ქართველობისთვის, ეს ბატონი თემურია და სირცხვილია მისთვის იმ ყველაფრის თქმა, რაც დღეს აკადრეს.