გამოცემა Axios-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, მარკ ცუკენბერგის კომპანია Meta დაუყოვნებლივ აჩერებს ე.წ. “DEI პროგრამებს” [Diversity – მრავალფეროვნება, Equity – თანასწორობა, Inclusion – ინკლუზიურობა], რაც სამუშაო გარემოში ისეთი ინიციატივების დანერგვას გულისხმობს, რომლის მიზანიც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის გაზრდაა.
DEI პროგრამების კრიტიკოსების აზრით, მსგავსი მიდგომა ხშირ შემთხვევაში კომპანიაში უმცირესობის წევრთა ინკლუზიურობის წარმოსახვით გაზრდასა და საპირისპირო დისკრიმინაციას იწვევს, ხოლო უმთავრესი ყურადღება მრავალფეროვნებაზე კვოტების დაკმაყოფილებას ეთმობა და არა – ეფექტიანობასა და მერიტოკრატიას.
Axios-ის ცნობით, Metas ეს გადაწყვეტილება ძლიერი გზავნილია თანამშრომლებისთვის, რომ კომპანიის მხრიდან ტრამპის ადმინისტრაციასთან უფრო ახლო ურთიერთობის დამყარების მცდელობა ნამდვილად ხდება და რომ სულისკვეთების ცვლილება ბიზნესის ქცევაზეც აისახება.
Meta-ს თქმით, კურსის ცვლილება იმიტომ ხდება, რომ “მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის გარშემო არსებული სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო აშშ-ში იცვლება”.
მანამდე, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანია Meta ე.წ. ფაქტჩეკინგის [ფაქტების გადამოწმების] პროგრამას წყვეტს და მას საზოგადოების შენიშვნების [Community Notes] სისტემით ანაცვლებს – ისეთივე სისტემით, როგორიც პლატფორმა X-ზეა.
“დროა დავუბრუნდეთ ფესვებს თავისუფალი გამოხატვის კუთხით Facebook-სა და Intagram-ზე”. – თქვა ზაკერბერგმა ვიდეომიმართვაში.
აღნიშნული ცვლილებები თავდაპირველად, მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე გავრცელდება.
მან ვიდეომიმართვაში 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ “უკანასკნელი არჩევნები კულტურული შემოტრიალების მომენტს ჰგავს კიდევ ერთხელ, გამოხატვისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ”. ზაკერბერგი ამბობს, რომ META “ფესვებს დაუბრუნდება”, რაც გულისხმობს შეცდომების შემცირებას, პლატფორმებზე დაწესებული წესების გამარტივებასა და თავისუფალი გამოხატვის აღდგენას.
META-ს დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ პლატფორმებზე – Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის პოსტებს კვლავ წინ წამოწევენ.
წყარო: ტაბულა