მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ, რომელიც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს განიხილავს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო დასკვნა წაიკითხა, რომელიც 21 წელს მიუღწეველი პირის, ირაკლი მიმინოშვილის შეუძლოდ გახდომისას შედგა.
მოსამართლემ განაცხადა, რომ დასკვნაში არსად წერია, რომ მიმინოშვილი შეუძლოდ უჰაერობის გამო გახდა.
„წერია, რომ პაციენტი კანკალს და შემცივნებას უჩიოდა, რასაც სტრესულ ფონს უკავშირებდა. თუკი სადმე ამოიკითხავთ, რომ მას უჰაერობის გამო დასჭირდა დახმარება, მიმითითეთ”,- მიმართა მოსამართლემ ადვოკატებს.
ამასთან მისი განმარტებით, მისთვის გაუგებარი მიზეზია, თუ რატომ არიდებს თავს დაცვის მხარე პროცესზე გამოცხადებას თავს.
„ეს გამოუცხადებლობას, თავის არიდებას უთანაბრდება და შუამდგომლობის განხილვის გადადებას არ ექვემდებარება”,- განაცხადა ხუსკივაძემ.
