გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, მძიმედ დატვირთული ნავთობის ტანკერი, რომელიც 10 იანვარს გერმანიის საზღვაო გადაუდებელი შემთხვევების სააგენტომ დააკავა ბალტიის ზღვაში, არის ნაწილი “ჩრდილოვანი ფლოტისა”, რომელსაც მოსკოვი იყენებს, რათა თავი აარიდოს მის ნავთობზე დაწესებულ სანქციებს.
ბერბოკმა რუსეთი გააკრიტიკა ამგვარი ტანკერების გამოყენებისთვის, მათ უწოდა “მოშლილი” და განაცხადა, რომ ტანკერები საშიშროებას წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის – მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ 274 მეტრის სიგრძის Eventin-ი მიმართულების გარეშე ცურავდა.
“ჟანგიანი ტანკერების უპასუხისმგებლო გამოყენებით [რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ] პუტინი არა მხოლოდ სანქციებს უვლის გვერდს, არამედ ასევე ადგენს, რომ ბალტიის ზღვაში ტურიზმი შეჩერდება – იქნება ეს ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა, თუ ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა ბერბოკმა.
“რუსეთი საშიშროებას უქმნის ჩვენს ევროპულ უსაფრთხოებას, არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის უკანონო ომით, არამედ ასევე გადაჭრილი სადენებით, ადგილშეცვლილი სასაზღვრო ტივტივებით, დეზინფორმაციის კამპანიებით, GPS-ის ჩამხშობებით და, როგორც ვნახეთ, ნავთობის მოშლილი ტანკერებით”, – თქვა ბერბოკმა.
გარემოს დამცველი ორგანიზაცია Greenpeace-ი ასევე ამბობს, რომ ხომალდი ეკუთვნის რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს და ხომალდს თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ნუსხაში ასახელებს. ორგანიზაციის განცხადებით, ნუსხაში შეტანილი ყველა ტანკერი ძველია და ბევრს ტექნიკური დეფექტები აღენიშნება.
გერმანიის საზღვაო გადაუდებელი შემთხვევების ცენტრალური ოფისის (CCME) განცხადებით, ხომალდს, რომელიც 100,000 ტონამდე ნავთობითაა დატვირთული, 10 იანვარს ძრავის პრობლემები შეექმნა და “დაბალი სიჩქარით ტივტივებდა” კუნძულ რიუგენის სიახლოვეს.
ხომალდ Eventin-ის სტაბილიზაცია მოხერხდა, ნავთობის გაჟონვის შესახებ ცნობები არ არის.
იმის შესახებ, გააჩერებენ თუ არა ხომალდს რომელიმე პორტში, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში მოსკოვი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში, დასავლეთის ქვეყნებმა გაატარეს ზომები რუსეთისთვის ნავთობით მიღებული მოგების შესაკვეცად, რადგან რუსეთი ამ თანხებს ომის დაფინანსებისთვის იყენებს. ამის პასუხად რუსეთმა მიმართა “ჩრდილოვან ფლოტს”, მომგებიანი ექსპორტის გასაგრძელებლად.
რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ პირდაპირ მოქმედებასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებმა სანქციების დაწესება დაიწყეს ცალკეული ხომალდებისთვისაც, რომლებსაც “ჩრდილოვან ფლოტს” მიაკუთვნებენ.