სასამართლოში სახელმწიფო ადვოკატები გამოიძახეს – პროევროპული აქციების 8 მონაწილის საქმე

დღეს, 11 იანვარს, 14 საათის მონაცემებით, პროევროპული აქციების მონაწილე 8 პირის საქმის სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.
მას შემდეგ, რაც ბრალდებულების ადვოკატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომა განაახლა, თუმცა, იმის გამო, რომ 8 ბრალდებულიდან ოთხი 21 წელს მიუღწეველია (ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი), ერთი კი არაქართულენოვანი (ინსაფ ალიევი), მათზე სავალდებულო დაცვის პრინციპი ვრცელდება. ანუ, მათი საქმის განხილვა ადვოკატის ჩართულობის გარეშე ვერ მოხდება, ამიტომ, სასამართლოში სახელმწიფო სავალდებულო ადვოკატები გამოიძახეს.
სხდომა სასამართლოში მათი გამოცხადების შემდეგ უნდა განახლდეს.
სავარაუდოდ, სახაზინო ადვოკატები მოითხოვენ დროს საქმის მასალების გასაცნობად, თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ წინასასამართლო სხდომის 5 მარტამდე გადადების შესახებ განჩინება, რასაც ავტომატურად მოჰყვა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სხდომის ჩანიშვნა, მოსამართლემ 9 იანვარს გამოსცა. სხდომა განჩინების გამოცემიდან 72 საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. ეს დრო დღეს იწურება, ამიტომ სახელმწიფო სავალდებულო ადვოკატებს საქმის გასაცნობად და დაცვის სტრატეგიის შესამუშავებლად, ფაქტობრივად, დრო არ ექნებათ.
ადვოკატები, რომლებმაც სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, აცხადებენ, რომ ბრალდებულების დაცვაზე უარი არ უთქვამთ. მათი თქმით, ღირსების შემლახველია სხდომის გაგრძელება პატარა დარბაზში, სადაც უჰაერობის გამო დაკავებულები ცუდად ხდებიან და მოითხოვენ სხდომის გადატანას დიდ დარბაზში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი მზად არიან თავად გააგრძელონ დაკავებულთა დაცვა.
რა ხდება?
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა პროევროპულ საპროტესტო აქციებში მონაწილე 8 ადამიანის სასამართლო პროცესი.
საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს, ხოლო პროკურორები ვაჟა თოდუა და გიორგი მუკბანიანი არიან. სასამართლო იხილავს შემდეგ დაკავებულების საქმეებს:
თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე, ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.
გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით]. დაკავებულთა ადვოკატები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ისინი გათავისუფლდნენ. ადვოკატთა ნაწილი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს

ასევე დაგაინტერესებთ