აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი ჩაიშალა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა პირების სასამართლო პროცესი ჩაიშალა. ადვოკატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ამას წინ უძღოდა ის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატებმა რამდენჯერმე დააყენეს შუამდგომლობა დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

სხდომათა დარბაზში უჰაერობის გამო ერთ-ერთი ბრალდებული ცუდად გახდა და მისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

ხმაურია სასამართლოს დერეფანში, სადაც დაკავებული პირების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. მოქალაქეები არიან შეკრებილნი სასამართლოს შენობასთანაც.

ჯერჯერობით უცნობია, გაგრძელდება თუ არა სხდომა დღეს.

ცნობისთვის, ბრალდებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხოლო ხუთს – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღეს, მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე მსჯელობდა.