პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული 8 პირის ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის აცილება მოითხოვეს. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და საქმე არ აიცილა.
შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ვეფხია კასრაძის ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დააყენა. მისი განმარტებით, არსებობს ეჭვი, რომ მოსამართლე არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი.
როგორც კოჟორიძე აღნიშნავს, მოსამართლის აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.
როგორც ადვოკატმა განმარტა, სასამართლოს სწორედ აღნიშნულმა შემადგენლობამ შეუფარდა დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ყოველგვარი არგუმენტისა და იურიდიული საფუძვლის გარეშე. კოჟორიძის თქმითვე, კითხვა ჩნდება, თუკი, სამართლებრივი არგუმენტები არ არსებობს, რა გახდა იმის წინაპირობა, რომ სასამართლომ დაკავებულების მიმართ უსაფუძვლოდ გამოიყენა პატიმრობა.
კოჟორიძის შუამდგომლობას დაეთანხმნენ დანარჩენი ადვოკატებიც. შოთა თუთბერიძის განცხადებით, უმჯობესი იქნება, საქმე სხვა მოსამართლემ განიხილოს, რომელზეც მინიმუმ განცდა არ იქნება, რომ გადაწყვეტილება წინასწარ აქვს მიღებული.
აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და აღნიშნა, რომ ეს შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ განმარტა, თუ რატომ არ აიცილა საქმე. როგორც მან განმარტა, მის მიერ დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ზემდგომმა ინსტანციამ ძალაში დატოვა, შესაბამისად, ეს გარემოება, რომ წინა აღკვეთი მან განიხილა, ვერ გახდება მოსამართლის ობიექტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ამ წუთებში, სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძისა და კიდევ ექვსი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.