ბიზნესი რუსეთშიც არის, ბელარუსშიც, კორეაშიც და ამ შემთხვევაში ის ერგება იმ სიტუაციას, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ თავისუფალ გარემოზე, სადაც ბიზნესს არ ექნება შიში – დიმიტრი ტიკარაძე
ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ბიზნეს გარემოზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. რა დაასტაბილურებს ბაზარს და რას ელოდება ბიზნესი? საკითხზე ციფრული და მედიაკომუნიკაციების სააგენტო ,,კლიპარტის’’ დამფუძნებელმა ,,კომერსანტის” შემაჯამებელ ეთერში ისაუბრა. დიმიტრი ტიკარაძე აცხადებს, რომ ბიზნესს განვითარებისთვის მშვიდი და სტაბილური გარემო სჭირდება. მისი განმარტებით, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა, თუმცა დღეს 2-3-თვიან ჭრილშიც კი ჭირს მოლოდინების შექმნა.
,,ბიზნესს ყოველთვის სჭირდება მშვიდი და წყნარი გარემო განვითარებისთვის. სჭირდება იმის გარანტიები, რომ ქვეყანაში არ იქნება რყევა, არ იქნება კურსის ცვლილებები. იმიტომ, რომ მათ აქვთ აწყობილი თავისი ხაზი და ამ ხაზზე მუშაობს ყველა. თუ ბიზნესი არის კეთილსინდისიერი ის ყოველთვის უყურებს სამომავლო პერსპექტივაში რა, როგორ უნდა მოხდეს. ეს გაზომვა ხდება მინიმუმ 5 წლის პერსპექტივით. დღეს, როცა ერთ თვეზე და ორ თვეზე ჭირს საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია გაზომო 5 წელიწადში რა იქნება. ბიზნესს რაც სჭირდება ეს არის სტაბილური გარემო. სჭირდება გარკვეული სიტუაცია და სამართლიანობა.’’- განაცხადა დიმიტრი ტიკარაძემ.
,,კლიპარტის’’ დამფუძნებლის განმარტებით, ბიზნესის განვითარებისთვის მხოლოდ სტაბილური გარემო არ კმარა. დიმიტრი ტიკარაძე აცხადებს, რომ ბიზნესი შიშებისგან თავისუფალი უნდა იყოს. მისივე თქმით, ბიზნესები არადემოკრატიულ ქვეყნებშიც მუშაობენ და ისინი არსებულ სიტუაციას ერგებიან, თუმცა როდესაც საუბარია თავისუფალ გარემოში ოპერირებაზე, ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გარანტიები, რომ არ შეიცვლება ქვეყნის კურსი და ის ზეწოლის ქვეშ არ აღმოჩნდება.
,,ბიზნესი რუსეთშიც არის, ბელარუსშიც არის, კორეაშიც. მაგრამ, ამ შემთხვევაში ბიზნესი რაღაცნაირად ერგება იმ სიტუაციას. თუ ვსაუბრობთ თავისუფალ ბიზნეს გარემოზე, თავისუფალ სასამართლოზე, ევროპულ საქართველოზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა გზა და პირობა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს შიში, რომ რამე შეიცვლება უარესობისკენ და ხვალ შეექმნება პრობლემები ვიღაცების მხრიდან ან რაღაცებისგან. ეს არის მთავარი ამოცანა. დღეს ეს შიში სამწუხაროდ არის. მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად ვერ დავასახელებთ ჩვენ ბიზნესზე პირდაპირი ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს. სამწუხაროდ გვახსოვს რა ცუდი წარსული ამ კუთხით, მაგრამ ამ ხელისუფლების პირობებში ნამდვილად ამას ვერ ვიტყვით.’’- განაცხადა ,,კომერსანტის” ეთერში დიმიტრი ტიკარაძემ.
,,კლიპარტის’’ დამფუძნებლის შეფასებით, ხელისუფლებამ ვერც საზოგადოების დიდი ნაწილი და ვერც ბიზნეს წრეები ვერ დაარწმუნა, რომ ქვეყნის ევროპული კურსი უცვლელია. რის გამოც არსებობს სამართლიანი შიში და გაურკვევლობა.
,,ვერ დაარწმუნა ჯერჯერობით საზოგადოების დიდი ნაწილი და ბიზნესი ხელისუფლებამ, რომ მართლა ევროპისკენ მივდივართ და ეს არ არის კურსის ცვლილება, ეს შიში რა თქმა უნდა არის და სამართლიანი შიშია, როგორც საზოგადოებიდან, ასევე ბიზნესიდან. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი ითხოვს ხელახალ არჩევნებს და ა.შ. მათთვის უფრო გაურკვეველია, რას შეიძლება ელოდნენ ხვალ და ზეგ. ეს შიში შეიძლება იყოს მართლა არაფრისგან მოსული, მაგრამ სამწუხაროდ ეს შიში არსებობს. როცა შიში არსებობს ბიზნესი ვერ ვითარდება.’’- განაცხადა დიმიტრი ტიკარაძემ.