სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება, – ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ მოსამართლის გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, რომელმაც აქციების პერიოდში დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი პატიმრობაში დატოვა.
კინწურაშვილის თქმით, მისი ოცნება იყო, გათავისუფლებულიყვნენ დაკავებულები, თუმცა, ამის მოლოდინი არ ჰქონიათ.
“ერთადერთი ოცნება იყო, რომ ეს ადამიანები დღეს გარეთ გამოსულიყვნენ, რომ დღეს ანდროს მისი შვილი ენახა, ამაზე ვოცნებობდით, მაგრამ, თავისთავად, არ ველოდით. როგორ უნდა ელოდებოდე იმ ადამიანებისგან, ვინც აუბედურებს ხალხს, ძვლებში ამტვრევს, სახეს ულეწავს, ქვეყანას ყიდის – ამ ადამიანებისგან რას უნდა ელოდო, სამართლიანობას? არა, სამართლიანობა ამათ ხელში არ იქნება”, – განაცხადა კინწურაშვილმა.
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.