უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი კვლავ იმეორებს, რომ არ აპირებს მხარი დაუჭიროს ევროკავშირსა და უკრაინას შორის წევრობის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას.
უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანი კვლავ ამტკიცებდა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღება ევროკავშირში არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ ემსახურება.
“მთავრობის პოზიცია ამჟამად არის ის, რომ უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში მოჰყვება არაპროგნოზირებადი შედეგები. უკრაინის სწრაფი გაწევრიანება არ ემსახურება არც უნგრეთის, არც ევროკავშირის ინტერესებს. ვითვალისწინებ რა ციფრებს, ეკონომიკურ ანალიზს და სერიოზულ მიდგომას, რომ მოლაპარაკებები მიმართული იქნება წევრობის მინიჭებისკენ. ვერ გამოვიყენებთ ამას პოლიტიკურ ჟესტად, რადგან წევრობა არ არის ამ მიზნისთვის. მაგრამ თუ ვინმე სერიოზულად ფიქრობს წევრობაზე, უნდა ვუთხრათ, რომ ეს აზრი მოცემულ მომენტში არის აბსურდული, სასაცილო და არასერიოზული და უნგრეთის მთავრობა არ აპირებს, რომ მას მხარი დაუჭიროს”, – თქვა ვიქტორ ორბანმა.
უცხოურ მედიას უნგრეთის პრემიერმინისტრის მრჩეველმა უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია უნგრეთისთვის გამოყოფილ და გაყინულ, ჯამში 30 მილიარდის ღირებულების აქტივებს განბლოკავს, შესაძლოა უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უნგრეთმა არ დაბლოკოს.
5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.