ბიზნესმენ თემურ ჭყონიას განცხადებით, აშშ-დან დაძრულია უშველებელი წნეხი, რომელიც ყველა იმ ადამიანზე გავრცელდება, რომელიც დღეს, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას „ამაგრებს“. ამის შესახებ ჭყონიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა. ცნობისთვის, ბიზნესმენი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მივიდა, სადაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე სხდომა იმართება.
„როცა რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ სიმპათიები გაქვს, ეს ახალი არ არის, არც ამერიკაში და არც საქართველოში. უკვე დაძრულია გადაწყვეტილებების მისაღებად უშველებელი წნეხი და ეს წნეხი გავრცელდება ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ხელს უწყობს დღევანდელი სიტუაციის გამაგრებას“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს პოლიტიკურ და ბიზნესსცენაზე მყოფი 26 ადამიანი, – „ივანიშვილის „მაცოცხლებელთა“ [enablers] ქსელი“, – რომლებიც, წერილის თანახმად, არიან „ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ“.
სიაში არიან ივანიშვილის ოჯახის წევრები, ახლო გარემოცვა და “ოცნების” მაღალჩინოსნები.