თუ ეს დავა აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოშიც გადაინაცვლებს, – ამის შესახებ იურისტმა, ეკა ბესელიამ აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ეს არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური საქმე, სადაც არცერთი მტკიცებულება არ დევს.
„ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს. მე თვითონაც შევდივარ და ვნახულობ. ვახორციელებთ ამ დაცვას, ამ პროცესის მთლიან მონიტორინგსაც ვახორციელებთ, მასთან ერთად დაკავებული სხვა უდანაშაულო ადამიანების იმიტომ, რომ ეს არის აშკარად გამოხატული პოლიტიკური საქმე, სადაც არცერთი მტკიცებულება არ უდევთ საქმეში, რისთვის არიან ასეთი მძიმე ბრალდებით საბრალდებო სკამზე და რისთვისაც არიან დაპატიმრებულები. ამიტომ, ბუნებრივია, სამართლებრივი ბრძოლის ყველა გზა იქნება ჩვენი მხრიდან გავლილი. თუ ეს დავა აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოშიც გადაინაცვლებს“, – განაცხადა ბესელიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულთა შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. ყველა დაკავებულის პროცესი თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზში მიმდინარეობდა, თუმცა დამსწრეთა სიმრავლის გამო და ასევე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო დარბაზი შეიცვალა და პროცესი ახლა დიდ დარბაზში გრძელდება.