პური შესაძლოა 10-15 თეთრით გაძვირდეს

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ პური შესაძლოა 10-15 თეთრით გაძვირდეს. მიზეზი ფქვილზე ფასის მატებაა. საკითხზე მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ ,,მთავარში“ ისაუბრა. მისი განმარტებით, ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 52 ლარი იყო, თუმცა ფასმა მატება 2024 წლის ბოლოს დაიწყო. ახლა 50 კგ. პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება 53-54 ლარია. მალხაზ დოლიძის განმარტებით, ამას ემატება ტრანსპორტირების ხარჯები და ერთი ტომრის ღირებულება 55 ლარამდე ადის. გაზრდილი ფასის პირობებში კი პურის მწარმოებლები კალკულაციაში ვეღარ ეტევიან.
,,წლის ბოლოს შეიმჩნა ფქვილზე ფასების მატება. ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ ფასი (პურზე) შენარჩუნდებოდა იმ შემთხვევაში, თუ 52 ლარი დარჩებოდა ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ღირებულება. მაგრამ, როგორც დავინახეთ ფქვილი 53 და 54 ლარზე ავიდა ანუ ასცდა იმ ზღვარს, რომელშიც ეტეოდა ჩვენი კალკულაცია. ვთქვათ, გეუბნებიან წაიღე ფქვილი და ამას კიდევ თუ დაემატება სატრანსპორტო გადასახადი გამოდის 55 ლარი. შენს კალკულაციაში ვერ ეტევი. ეს ერთი. მეორე, ასევე შემომტანები, რომელიც ეწევიან ფქვილის შემოტანას დან, რომ ხედავენ ამ ფასებს, მათი ფქვილი ბევრად უკეთესია. ხარისხით კარგი ფქვილია და მათ სურვილი აქვთ ბიზნესში მეტი მოგება ნახონ და 60 ლარამდე ავიდა იქ ფქვილის ღირებულება. იმიტომ ვიღებდით ჩვენ რუსულ ფქვილს, რომ ამით ვაუმჯობესებდით ჩვენს ფქვილს. შერევა ხდება მათი და გამოდიოდა ნორმალური ხარისხის პროდუქცია.”- აცხადებს მალხაზ დოლიძე.
ამ ეტაპზე პურის ფასი მაღაზიებში არ გაძვირებულა და მისი შეძენა კვლავ ძველი ფასით არის შესაძლებელი. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სტაბილური ფასის შენარჩუნებისათვის საჭიროა ფქვილზე იმპორტის გადასახადის მოხსნა.
,,მაღაზიებში ჯერჯერობით პურის ფასი არ შეცვლილა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შევინარჩუნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ფქვილზე ფასებმა მოიმატა. მოლოდინის რეჟიმში ვართ. კომუნიკაცია შედგება სამინისტროსთან და ალბათ, რაღაც დასკვნებს გამოვიტანთ. მეპურეები ვითხოვთ, რომ იმპორტის გადასახადი, რომელიც დაწესებულია (ეს არის დროებითი გადასახადი) შეჩერდეს და პურის მწარმოებელს ჰქონდეს საშუალება, რომ პურის ფასი შენარჩუნდეს. დღის წესრიგში ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ დროებითი გადასახადია, რომელიც რუსეთიდან შემოსულ ფქვილზეა დაწესებული, რომელიც მარტის თვემდე მუშაობს და შეადგენს 12,5 ლარს მოხდეს მისი კორექტირება ან მივიღოთ რაღაც ისეთი ღონისძიება, იმისათვის, რომ ჩავეტიოთ იმ ფარგლებში, რომ ფასი არ შეიცვალოს პურზე.”- აცხადებს თამაზ დოლიძე.
პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე პურის მწარმოებლების წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებზეც საუბრობს. მათ შორის არის დისტრიბუტორებისთვის დაწერილი ჯარიმები, რაც ქარხნებს ფინანსურად აზარალებს. კიდევ ერთი გამოწვევა მცხობელების ანაზღაურებას უკავშირდება, რომლებიც ხელფასების ზრდას ითხოვენ.
,,არის კიდევ გამოწვევები, რომელიც პურის მწარმოებლებს გააჩნიათ. ამან ერთგვარად ცოტა შეგვაწუხა. დისტრიბუციის საკითხები იყო გართულებული და იყო უამრავი ჯარიმა. დისტრიბუტორების მუშაობა გადატვირთულ ქალაქში ძალიან რთული იყო. მათი პრეტენზიები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალი ჯარიმების გამო ქარხნებმა მიიღეს ეკონომიკური დარტყმა. გამოწვევებია მუშა ხელის ხელფასებიც. სამცვლიანი სამუშაო გრაფიკია, ცხელი გარემოა. გახდა საჭირო, რომ რაღაც ღონისძიებები მიგვეღო. ეს ადამიანები ითხოვენ ხელფასის მომატებას. ეს საკითხებია ყველაფერი ერთად გადაჯაჭვული”- განაცხადა მალხაზ დოლიძემ.