განცდა გამიჩნდა ასეთი, სამართლიანობა ხომ არ არის და უსამართლობის ადგილიც არ არის სასამართლოს დარბაზში. ვიზუალურადაც რომ შეხედოთ, ისე დაავიწროვეს სასამართლო დარბაზი, რომ იქ უსამართლობაც იხუთება, – ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
11 პირის სასამართლო პროცესი, თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზში ტარდებოდა. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული დარბაზი იმდენად ვიწრო იყო, რომ იქ „ადვოკატების ადგილიც არ იყო“. ამასთან, მისი თქმით, სასამართლო უსამართლობას ემსახურება.
„არანაირი სამართლიანობის მოლოდინი არ მაქვს იმ სასამართლოსგან, რომლის უმრავლესობა, მცირე გამონაკლისის გარდა, ემსახურება რეპრესიულ სისტემას და რეჟიმს. უბრალოდ, ამ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დგას ყველა ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების უკან. როგორც რამდენიმე მოსამართლე უკვე დასანქცირდა და მათ შორის არის ის, ვინც ამ უდანაშაულო ადამიანების აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილა, ასე შეიძლება გაგრძელდეს მომავალში, თუ ეს მოსამართლეები არ გააცნობიერებენ, რომ უდანაშაულო ადამიანებს ასამართლებენ.
განცდა გამიჩნდა ასეთი, სამართლიანობა ხომ არ არის და უსამართლობის ადგილიც არ არის სასამართლოს დარბაზში. ვიზუალურადაც რომ შეხედოთ, ისე დაავიწროვეს დარბაზი, რომ იქ უსამართლობაც იხუთება – წინ პოლიციელები დგანან, რომ ადგილი დაცოტავდეს. ვეკითხები, რატომ ხართ აქ-მეთქი, ამბობენ, რომ ვიცავთ უსაფრთხოებასო. რის უსაფრთხოებას იცავენ, ამდენი უდანაშაულო ადამიანი გისოსებშია მოთავსებული და მათი ადგილიც არ არის, ისე სხედან, რომ უბრალოდ ვერ მოძრაობენ. ადვოკატების ადგილი არ იყო, მაგიდები შემოიტანეს დარბაზში. რასაც დარბაზში ვუყურებდი, თუ როგორ შემოჰქონდათ დამატებითი მაგიდები და ადვოკატები ფეხზე იდგენენ, მძიმე საყურებელი იყო. მსგავსი რამ არ მინახავს, ადვოკატები ვერ სხდებიან, ხოლო ადვოკატების ნაწილს ტრიბუნა ეფარება, შემდეგ ეს ტრიბუნა მოხსნეს- წარმოუდგენელი უხერხულობაა ვიზუალურადაც კი და შინაარსობრივად კიდევ უფრო მძიმე ამბავია. როცა ბრალს წაიკითხავ, შიგნით უბრალოდ არაფერი წერია. წერია ის, რომ კოლექტიურად ისროდნენ რაღაც საგნებს და ამ დროს, ბრალი აქვთ ჯგუფური ძალადობა, არადა ერთმანეთს არ იცნობენ ადამიანები. მაშინ, აქციაზე ვინც დგას, ბარემ, ყველა ერთად მოიყვანონ და გაასამართლონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულთა შორისაა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე. ყველა დაკავებულის პროცესი თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზში მიმდინარეობდა, თუმცა დამსწრეთა სიმრავლის გამო და ასევე ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო დარბაზი შეიცვალა და პროცესი ახლა დიდ დარბაზში გრძელდება.