რა დაკარგა ქვეყანამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებით – თენგიზ ფხალაძის ანალიზი

,,საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის” უფროსი მკვლევარი თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების ქმედებებმა ქვეყანა დააზარალა. დიპლომატის შეფასებით, ეს ზარალი მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე პოლიტიკურ და რეპუტაციულ ასპექტებს.
„კომერსანტის“ წლის შემაჯამებელ ეთერში, თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ საქართველომ პირდაპირი დახმარების სახით ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მილიარდ ლარამდე დაკარგა. მისივე თქმით, ეს მხოლოდ ამ ეტაპის შედეგია და რეალურ შედეგებს ქვეყანა მოგვიანებით იგრძნობს.
,,ელემენტარულად შეხედეთ, ამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში (ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკურ მხარდაჭერას და ა.შ.) ციფრებში, პირდაპირი მნიშვნელობით რამდენი დავკარგეთ. ეს არის ასობით მილიონობით ევრო და დოლარი პირდაპირი დახმარება, რომელიც ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, -დან შეუჩერდა საქართველოს. ჯამში მარტო ბოლო 2-3 თვის განმავლობაში მილიარდ ლარამდე პირდაპირი დახმარების სახით დავკარგეთ. მე აღარ ვლაპარაკობ ირიბ დახმარებებზე, არ ვლაპარაკობ პროექტებზე, არ ვლაპარაკობ საინვესტიციო გარემოზე, აღარ ვლაპარაკობ ლარის კურსის დაჭერისათვის ჰაერში გადაყრილ ფულზე და ა.შ. ამის შედეგებს ჩვენ მომავალში ვიგრძნობთ. მაგრამ ის, რაც ამ 2-3 თვის განმავლობაში დაიკარგა უკვე აღწევს საოცარ შედეგებს”- აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
დიპლომატის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის გადადებით 2,5 მილიარდამდე დახმარება დაკარგა. თენგიზ ფხალაძემ აღნიშნა, რომ მოლდოვამ მილიარდზე მეტი დახმარება უკვე მიიღო და როგორც წესი, საქართველო ევროკავშირისგან მოლდოვაზე გაცილებით მეტ დახმარებას იღებდა. დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ასევე, იმ პოლიტიკურ მხარდაჭერაზეც, რაც ჩვენს ქვეყანას გაერთიანების მხრიდან აქამდე ჰქონდა. თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დღეს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. მას ევროპაში დღეს აღარ ელაპარაკებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ოფიციალური და სამუშაო ვიზიტით მათ არავინ მიიწვევს.
,,ევროკავშირმა მილიარდზე მეტი გამოყო მოლდოვის დასახმარებლად. მოგეხსენებათ, რომ მოლდოვამ გახსნა უკვე მოლაპარაკებები. საქართველოსთვის 2-ჯერ და 3-ჯერ მეტს გამოყოფდა დარწმუნებული ვარ. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის გამოცდილება და ქვეყნის მასშტაბები, რაც მოლდოვასა და საქართველოს შორისაა. და ყოველთვის საქართველოზე მომართული დახმარება გაცილებით უფრო მეტი იყო. მინიმუმ 2-2,5 მილიარდი მაგაში დავკარგეთ. აღარ ვლაპარაკობ უკვე პოლიტიკურ დახმარებაზე. ყველაზე მთავარი იცით რა არის? ამის ყველაფრის ჩამონგრევა ძალიან მარტივია, მაგრამ დაკარგული ნდობის აღდგენა იქნება უაღრესად ძნელი. დღეს ჩვენ გვყავს ის ხალხი ხელისუფლებაში, რომელსაც ელემენტარულად ჩვენი პარტნიორები არ ელაპარაკებიან. დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე სავიზო შეზღუდვა არ ნიშნავს უბრალოდ, რომ ვიღაც საშოპინგოდ მილანში ვერ ჩავა. ეს არის რეალურად ის, რომ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტზე და სერიოზული საქმის გადასაწყვეტად მათ არავინ არ მიიწვევს. ეს არის მთავარი თემა. შესაბამისად, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ხელისუფლება, რომელსაც არც შიგნით აქვს სრულყოფილი ლეგიტიმაცია და ქვეყნის გარეთ მასთან ურთიერთობა არავის უნდა (ძირითადი პარტნიორებიდან, თორემ შეიძლება გამოინახოს ქვეყნები, რომლებსაც ენდომებათ ურთიერთობა) ცხადია, რომ ამ ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება. კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები ექმნება სახელმწიფოს, რომელიც უზარმაზარი გამოწვევების, საფრთხეების წინაშეა. მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაშინ როდესაც ჩვენი ყველა პარტნიორი მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” რომ დაუბრუნდნენ ეროვნულ ინტერესებს ერთადერთი ვინც აქებს ,,ქართული ოცნების” გადაწყვეტილებებსა და საქციელს არის ს ფედერაცია. იქნება ეს პუტინი, ლავროვი თუ მათი პროპაგანდისტები სიმონიანის, დუგინის და კიდევ სხვათა სახით.”- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.