მიმდინარე მოვლენები უცხოელ არტისტებთან მოლაპარაკებას ართულებს – Tbilisi Open Air

„მათთვის არ ითვლება, რომ საქართველო უსაფრთხო ადგილია ჩამოსასვლელად“- ამის შესახებ Tbilisi Open Air-ის ტექნიკურმა დირექტორმა სანდრო სულაქველიძემ “რედაქტ2”-თან განაცხადა. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უცხოელ არტისტებთან მოლაპარაკებებს ართულებს. მისი თქმით, ისინი სვამენ კითხვებს, თუ რამდენად უსაფრთხოა მათთვის საქართველო და ფესტივალის პერიოდში [ზაფხულში] იქნება თუ არა სიმშვიდე ქვეყანაში.
„მათთანაც მიდის კადრები, დარბევა იქნება თუ აქცია. არ ითვლება მათთვის, რომ ეს არის უსაფრთხო ადგილი ჩამოსასვლელად. მოლაპარაკებებს ხომ ახლა აწარმოებ, რომ ზაფხულისთვის ჩამოიყვანო არტისტი… გეკითხებიან, რომ მეძახი სიმშვიდე იქნება? საკმაოდ ბევრ არტისტთან კომუნიკაციაში ეს საკითხი დადგა – რა სიტუაციაა თქვენთან და დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სიმშვიდე იქნება პირობითად ივნისშიო. ეს თავისთავად ართულებს ამ მოლაპარაკებებს.
მთავრობაც ემზადება, რომ კონცერტები ჩაატაროს, Guns N’ Roses -თან არიან მოლაპარაკებული. ეს მოლაპარაკება დიდი ხანია ჰქონდათ მათთან, თუმცა ახლა ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა იქნება და თუნდაც Guns N’ Roses რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცალკე საკითხია, თუმცა, ჩვენთვის – კერძო სექტორისთვის, ჩვენთვის ახლა საკმაოდ რთული მომენტია.
გადახრილები არიან იმისკენ, რომ მოდი მოვიცადოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველა იმას კითხულობს, რა იქნება, რადგან იქ საკმაოდ აქტიურად შუქდება საქართველოში განვითარებული მოვლენები.
რაც უფრო გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო რთული იქნება კონკრეტული შეთანხმება მივაღწიოთ არტისტებთან“, – აცხადებს სანდრო სულაქველიძე.