,,ქართული ოცნება” საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვას შტატებში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ აანონსებდა. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. შტატებმა სანქციები ჯერ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დააწესეს. 27 დეკემბერს კი სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. რას შეიძლება ველოდოთ 20 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრს სახლს ოფიციალურად ჩაიბარებს? შესაძლებელია, თუ არა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში გადატვირთვა? საკითხზე ,,კომერსანტი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტს გიორგი ლაბაძეს ესაუბრა. ექსპერტი აცხადებს, რომ რესპუბლიკურ პარტიაში დღეს ის პირები არიან გაერთიანებული, რომლებიც ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ლიდერების დასანქცირებას ჯერ კიდევ 2020 წელს ითხოვდნენ. ამას ემატება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რითაც გიორგი ლაბაძის შეფასებით, მათ უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს. აქედან გამომდინარე, ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი მიიჩნევს, რომ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ურთიერთობების გადატვირთვაზე საუბარი ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენს.
,,ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მიწვეული ტრამპის ინაუგურაციაზე ეს უკვე მიუთითებს ძალიან ბევრზე. მე მგონია, ის საკმაოდ გამოსაჩენ ადგილს დაიკავებს და ინაუგურაციაზე არ იქნება რიგითი სტუმარი. არ არის საჭირო რაღაც წიაღსვლებში გადასვლა, როცა ეს ფაქტი გვაქვს. ამერიკის მხრიდან ნაბიჯი გადაიდგა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მიწვეული ინაუგურაციაზე და არა სხვა რომელიმე. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ,,ქართული ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს, რომ რაც შეიძლება დროზე დაუწესდეთ სანქციები, თუ რამეა დასაწესებელი, რათა დადგნენ რეალური ფაქტის წინაშე რაც შეიძლება მალე და შემდეგ, როგორმე გადაალაგონ თავიანთი მიზნები და ამოცანები, ამ ფაქტის შესაბამისად. რაც მათ ჯო უილსონი თქვეს, დარწმუნებული ვარ კარგად იციან ვინც არის ჯო უილსონი. ის არის ერთ-ერთი მძვინვარე ტრამპისტი. ტრამპის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. პლუს ამას, უილსონი არც ერთხელ არ არის შენიშნული, ტრამპის საწინააღმდეგო ქმედებებში. ის ბოლომდე გვერდით დაუდგა ტრამპს. ამის დაფასება ტრამპმა კარგად იცის. ჯო უილსონმა და მის გარშემო მყოფმა ხალხმა (მაგალითად მაიკ ჯონსონი) ჯერ კიდევ 2020 წელს ერთად მოითხოვეს სანქციების დაწესება ,,ქართული ოცნების” ლიდერშიპის წინააღმდეგ. ახლა მაიკ ჯონსონი ქვედა პალატის სპიკერად დარჩა და მას მხარდაჭერა გამოუცხადა ტრამპმა, თორემ ვერ გახდებოდა. აქედან გამომდინარე ისეთი წრეა რესპუბლიკურ პარტიაში შეკრული უკვე ,,ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ, რომ ფანტასტიკის სფეროა ჩემი აზრით, მასზე იმედის დამყარება. მაგრამ პრინციპში არც ამყარებენ უკვე. უკან დახევა არ უნდათ, ეს არის ყველაზე მთავარი. ,,ქართულ ოცნებაში” კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, რომ ვინმემ აღიაროს და სანქციებს გაეცნენ. ეს უკვე გამორიცხულია. რადგან, ისინი შეეხნენ შეერთებულ შტატებში ისეთ პიროვნებებს და ინსტიტუტებს ძალიან საეჭვოა, რომ რამე დალაგებაზე იყოს საუბარი.”- აცხადებს ,,კომერსანტთან” საუბარში გიორგი ლაბაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი მიიჩნევს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ,,ქართულ ოცნებასთან” დიალოგის ყველა ფორმატი შეწყდება. გიორგი ლაბაძეს მოლოდინი აქვს, რომ გაიზრდება როგორც სანქცირებულთა რიცხვი, ასევე სანქციების სია.
,,რაც ჩემთვის აშკარაა, ეს არის რომ, ყოველგვარი საუბრის ფორმა ,,ქართულ ოცნებასთან” იქნება შეწყვეტილი. რესპუბლიკურ პარტიაში არის კვლევის კომიტეტი. როდესაც ჯო უილსონი სოციალურ ქსელებში წერდა პოსტებს, ისინი აზიარებდნენ მის განცხადებებს და აწერდნენ, რომ არანაირი დახმარება და არანაირი დაფინანსება აშშ-ის მხრიდან ირანის მხარდამჭერ რეჟიმს. ანუ ეს თქვეს ,,ქართულ ოცნებაზე.” ოცნების გარკვეულ პირებს კონსერვატორებად მოაქვთ თავი. კვლევის კომიტეტის პოლიტიკური იდეოლოგია არის კონსერვატიზმი. ეს ხალხი, რესპუბლიკელები არიან საკმაოდ ხისტი თავის მიდგომებში და თანაც არიან არა კონგრესის რიგითი წევრები, არამედ აქ შედიან დარგის სპეციალისტები, რომლებიც აქვეყნებენ კვლევებსა და პოლიტიკის დოკუმენტებს, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას შეერთებული შტატების მხრიდან. ეს კომიტეტი ძალაუფლებაში არ იყო, პრეზიდენტი იყო დემოკრატი. ამდენად, ამ ადამიანებს უკვე შავით თეთრზე უწერიათ, ნათქვამი და გამოხატული აქვთ, რომ არანაირ ურთიერთობას არ დაამყარებენ საქართველოს ამჟამინდელ მმართველ წრეებთან. სანქციებს რაც შეეხება, მგონია, რომ სანქციების სიაც და დასანქცირებულთა რიცხვიც საკმაოდ მოკლე პერიოდში გაფართოვდება. იმიტომ, რომ რას აკეთებდა ჯო უილსონი აქამდე? ის მოუწოდებდა დემოკრატების ადმინისტრაციას სანქციები დაეწესებინათ. ახლა უკვე არიან მისი (უილსონის) თანაპარტიელები, რაც ბევრად გაამარტივებს მისთვის ამას.”- აცხადებს გიორგი ლაბაძე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის დოქტორანტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა სრულ იზოლაციამდე მიჰყავს. გიორგი ლაბაძე აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება” ძალაუფლების შენარჩუნებას ამ გზით ცდილობს. მისივე თქმით, დაწესებული სანქციები ქვეყანაზეც ცუდ გავლენას მოახდენს.