„კანდიდატის სტატუსი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს უნივერსალური ჯანდაცვა ჰქონდეს“ – აკაკი ზოიძე

„ევროკავშირში ჯანდაცვის მთელ რიგი სერვისებით სარგებლობა და ამ კუთხით მოქალაქეთა უფლებები კანონმდებლობით არის დაცული. შესაბამისად, ჩვენ გვსურს, რომ საქართველოშიც ეს სერვისები ჩვენს ქვეყანაშიც გახდეს ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტმა აკაკი ზოიძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს უკვე მისცემს უამრავ შესაძლებლობას და ქვეყანას ევროკავშირის წევრობისთვის ლოდინი არ მოუწევს.
„კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაზრდას ევროპიდან. ამავდროულად ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემოტანის კუთხით იხსნება უზარმაზარი შესაძლებლობები.
ეს სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე განათლების და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, როცა მეტი შესაძლებლობა გვექნება ვითანამშრომლოთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. გარდა ამისა, გაუმჯობესდება მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, მათ შორის პანდემიებისთვის მომზადების და მათზე რეაგირების კუთხით, რომელიც ძალიან დიდ რესურსებს მოითხოვს.
გაჩნდება დამატებითი საშუალებები დევნილებისა და მიგრანტებისთვის გათვალისწინებული ჯანდაცვის სერვისების განვითარებისთვის; შეიქმნება მონაცემთა გაცვლის და დიგიტალური ჯანმრთელობის მიმართულებით უნიკალური შესაძლებლობები; გაიზრდება მედპერსონალის მობილობის უზრუნველყოფის საშუალებები, რათა მათ გაიარონ გადამზადება საზღვარგარეთ და შემდეგ ახალი გამოცდილებით დაბრუნდნენ ქვეყანაში; ამაღლდება ცოდნა მედიკამენტების ხარისხისა და მათთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ და ა.შ. ამ შესაძლებლობებს სჭირდება გამოყენება“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.
ექსპერტის განმარტებით, უნივერსალური ჯანდაცვის არსებობის პირობებში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ბევრად დიდი თანხების გაღება მოუწევს, რადგან ჯანმრთელობის დაცვა ევროპულ ქვეყნებში უფლებაა და არა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა.
„მთავარი მომენტია უნივერსალური ჯანდაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს არ უნდა დაუდგეთ ფინანსური პრობლემები ჯანდაცვის საკითხში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უზარმაზარ თანხებს მოითხოვს. მაგალითად მშპ-ის 17%-ს ხარჯავს და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს.
თუმცა, აშშ-ისგან განსხვავებით, ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებს, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებს, მიღწეული აქვს სოციალური კეთილდღეობისთვის. მათ მოქალაქეებს პრაქტიკულად უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვთ მათთვის საჭირო ჯანდაცვის სერვისებსა და მედიკამენტებზე“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ