„ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის და თავისუფლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ბიძინა ივანიშვილი დიქტატორობისთვის ემზადება, ის არის მარიონეტი ომის დამნაშავე პუტინისა, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმისა“, — თქვა კონგრესმენმა ჯო უილსონმა.
რესპუბლიკელი კონგრესმენმა ეს განცხადება ჰადსონის ინსტიტუტში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა, რომელიც საქართველოს შეეხება და სადაც სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობს, საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სტატუსით.
„ივანიშვილის მარიონეტი პრემიერმინისტრი თეირანის მკვლელ რეჟიმთან შესახვედრად იყო ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს რეჟიმი დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, ისევე, როგორც ელჩი ნიკი ჰეილის მკვლელობას, რომელიც მსხვერპლთა სიაში იყო შეყვანილი. […] ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი არ შექმნიდა დაბრკოლებას ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან და ირანულ რეჟიმთან სათანამშრომლოდ. მაგრამ ამას სიმართლესთან არაფერი აქვს საერთო. ტრამპს არ დაავიწყდება, რომ ირანში მისი მოკვლა იგეგმებოდა. მაქსიმალური ზეწოლა იქნება ირანულ რეჟიმზე და საბოლოო ჯამში, მათ მოკავშირეებზე, როგორიცაა ივანიშვილის რეჟიმი.
მადლიერი ვარ, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა. განსაკუთრებით მარკო რუბიოს [მომავალი სახელმწიფო მდივანი] თუ გათვალისწინებთ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სანქციები გაფართოვდება.
ქართველი ხალხი თავისუფლების მოყვარული ხალხია, რომლებიც იმავე ღირებულებებს იზიარებენ, რასაც ამერიკელი ხალხი. მეტიც, საქართველო, როგორც შავი ზღვის სტრატეგიული ქვეყანა, დაუშვებელია, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ან თეირანის რეჟიმის ორბიტაზე მოხვდეს”, – განაცხადა უილსონმა.
უილსონმა ისიც აღნიშნა, რომ „ოცნებამ“, ევროკავშირისა და აშშ-ის შეთავაზებების საწინააღმდეგოდ, მთავარი ღრმაწყლოვანი პორტის თაობაზე კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დადო.
„ივანიშვილი ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს თავისი დიქტატორული რეჟიმის სასარგებლოდ, რასაც ინარჩუნებს იარაღის ძალით და არა დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით“, – განაცხადა კონგრესმენმა.
უილსონმა სალომე ზურაბიშვილი ხაზგასმით მოიხსენია ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად საქართველოში და მეტიც, ერთადერთ ლიდერად, რომელიც შექმნილ კრიზისულ ვითარებაში გამოიკვეთა.
“მაშინ, როდესაც ომის დამნაშავე პუტინი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აღადგინოს წარუმატებელი საბჭოთა კავშირი, ქართველ ხალხს თავისუფლება სურს და ამას ყველა ჯერზე ამტკიცებენ. 40 დღეა აპროტესტებენ და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებს ითხოვენ.
მადლობელი ვარ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, რომელიც ერთგულად თანმიმდევრულია საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში. ამ კრიტიკულ მომენტში ის არის ერთადერთი ლიდერი. სწორედ ამიტომ დავპატიჟე საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელიც ათ დღეში გაიმართება“, — თქვა ჯო უილსონმა.
კონგრესმენმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი თანხმდება, საქართველოში არჩევნები გაყალბდა.
რაზე ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა ჰადსონის ინსტიტუტის გამართულ დისკუსიაზე, ნახეთ აქ:
მე საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ — სალომე ზურაბიშვილი