ნორვეგია უკრაინის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას თითქმის $800 მილიონით გაზრდის
ნორვეგია უკრაინას თავდაცვისა და ეკონომიკის სფეროების გაძლიერებისა და რეკონსტრუქციისთვის, დამატებით ხუთწლიანი დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა იონას გარ შტერემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“2023 წელს 1 მილიარდი დოლარის დახმარება გავუწიეთ უკრაინას. ჩვენ ვზრდით ჩვენს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას თითქმის $800 მილიონით. გარდა ამისა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2024 წლის პირველი თვეებიდან ჩვენ პირდაპირ ეკონომიკურ მხარდაჭერას გავუწევთ კრიტიკულად მნიშვნელოვან სფეროებს, რათა არ მოხდეს შეფერხება უკრაინელი ხალხის დახმარებაში“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, ნორვეგია ცდილობს გააძლიეროს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების მიწოდებით. გარდა ამისა, ნორვეგია უკრაინას გადასცემს ე.წ. ზამთრის დახმარების პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს საკვებს, წყალს და თბილ ტანსაცმელს.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ოსლოში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს სკანდინავიის ქვეყნების ლიდერების სამიტში.