სასტუმრო 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს, – ამის შესახებ გუდაურში მდებარე სასტუმრო Edelweiss Gudauri-ის მენეჯერმა მაკა ქათამაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში სასტუმრო 80%-ით დატვირთული იყო.
“სასტუმრო 12 წელია, რაც ბაზარზეა, თუმცა ჩვენმა მენეჯმენტმა Edelweiss-ში მუშაობა მიმდინარე წელს დაიწყო და შესაბამისად, ჩვენთვის პირველი სეზონია. სწორედ ამიტომ, განვლილი წლის ტენდენციებზე საუბარი არ შემიძლია.
მიმდინარე პერიოდზე კი შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯავშნების მიღება 26 დეკემბრიდან დავიწყეთ, იანვრის 3 რიცხვამდე სასტუმრო 80%-იანი დატვირთულობით მუშაობდა. ამჟამად, კი ყველა ოთახი დაკავებულია. გარდა ამისა, საკმაოდ აქტიურად შემოდის წინასწარი ჯავშნები როგორც იანვრის ბოლო პერიოდზე, ისე თებერვლის თვეზე და ამ დროის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდებში სასტუმროს 50% უკვე დაჯავშნილია.
ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც უცხოელები, ისე ადგილობრივები. პროცენტულად, 70% უცხოელები არიან, მათ შორის, გალფის ქვეყნებიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან”, – აცხადებს მაკა ქათამაძე.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, ნაკლები აქტივობის მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა სასტუმროში ჯავშნები არ გაუქმებულა და დადებითი ტენდენცია ფიქსირდება.
bp.ge