„წელს, საგზაო ინფრასტრუქტურა ბაკურიანში ნამდვილად არ იყო მზად ტურისტის მისაღებად“ – Unix Hotels Georgia

„წელს, საგზაო ინფრასტრუქტურა ბაკურიანში ნამდვილად არ იყო მზად ტურისტის მისაღებად“, – ამის შესახებ BM.GE-სთან ბაკურიანში მდებარე ტურისტული ობიექტის Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელმა, ირაკლი გოგუაძემ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ბაკურიანში არსებული საცობების შესახებ სხვადასხვა ფოტო-ვიდეო მასალა სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება. დამსვენებლებს საათობით უწევდათ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტზე გადასაადგილებლად საცობში ყოფნა. გარდა ამისა, მოსახლეობა ჩიოდა იმის შესახებ, რომ ტროტუარებზე შესაბამისი რაოდენობით მარილი არ იყრება, შესაბამისად გზა მოყინულია და ადამიანებს სიარული მანქანის სავალ ნაწილზე უწევდათ. პრობლემა იყო ასევე ნარჩენების გატანის საკითხი. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნაგვის ურნები გადავსებულია და ნარჩენები მთელ ქალაქშია მოფენილი.
როგორც ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, განსაკუთრებით კოხტაგორას აღმართის მიმართულებით იყო ინფრასტრუქტურის ცუდი მდგომარეობა. მისივე განმარტებით, გზები გადათხრილი იყო, როდესაც თოვლი მოვიდა. შესაბამისად, სავალი ინფრასტრუქტურა დნობის პროცესში სრულად ატალახებულია.
„კატასტროფული მდგომარეობაა. გადათხრილი იყო მთელი გზა. თოვლმა ისე მოუსწრო, რომ გზის დაგება ვერ მოესწრო. თოვლი დნობის პროცესში რომ მიდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოხტაგორის მიმართულებით მცხოვრებნი ტალახში ცხოვრობენ და არა საკურორტო ზონაში, სადაც თოვლი და სითეთრე უნდა იყოს. წელს ბაკურიანის საგზაო ინფრასტრუქტურა წინა წელთან შედარებით უარეს მდგომარეობაში შეხვდა, ვიდრე აქამდე იყო. სულ ვამბობდით, რომ ინფრასტრუქტურა წესრიგდებოდა, წელს თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატასტროფული მდგომარეობა იყო ამ მიმართულებით.
გამოსწორდა ელექტროენერგიისა და წყლის მოწოდების პრობლემა. კი არის გარკვეული საკანალიზაციო მილების დაზიანება, მაგრამ აქტიურად მუშაობენ და მალე გვარდება სიტუაცია. მაგრამ საგზაო ინფრასტრუქტურა არის კატასტროფულ მდგომარეობაში. შეიძლება ითქვას ისეთში, რომელშიც ბოლო 8 წელია არ ყოფილა“, – ამბობს ირაკლი გოგუაძე.
მისი თქმით, დამსვენებლების საცობში დგომა და დისკომფორტის შექმნა ერთი საკითხია, თუმცა ის ადამიანები, ვისაც ბიზნესი აქვს და მთელი დღის განმავლობაში რამდენიმე ლოკაციაზე უნდა გადაადგილდნენ, მისთვის გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„დამსვენებლისთვის საცობში დგომა რომ დისკომფორტია ერთი საკითხია, მაგრამ ჩვენთვის ბიზნესმენებისთვის განსაკუთრებული პრობლემაა, რომლებსაც რამდენიმე ლოკაციაზე შეიძლება გვიწევდეს გადაადგილება. გადაადგილება არის კატასტროფა, რადგან მდინარე-მდინარე დავდივართ. იმ გზით, რომლის შესახლეობამაც არ იცის.
ერთია ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მეორეა ის, რომ ყოველ წელს ბაკურიანში ხდებოდა, რომ წრიული მოძრაობა ცალმხრივად და არასოდეს ეს საცობის პრობლემა არ ყოფილა. წელს, რატომღაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გზა ორმხრივი ყოფილიყო და არ გაეცალმხრივებინათ. ფიზიკურად ბაკურიანის განლაგება იმდენად ვიწროა, რომ ორ მანქანაზე მეტი გვერდს ერთმანეთს ვერ უვლის. როგორც კი ერთ მანქანას დაპარკინგება უწევს, მთელი ბაკურიანი ჩერდება“,- განაცხადა Unix Hotels Georgia-ს დამფუძნებელმა.