„დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის მთელი კაპიტალი არის დასავლეთში, ან დასავლეთისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. ის სანქციები კი, რომლის მხოლოდ მსუბუქი ფორმა გაჟღერდა, მე ვფიქრობ, ივანიშვილს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ქონების დაკარგვას არ გარისკავს და იძულებული იქნება, დათმოს ძალაუფლება და შეინარჩუნოს დოვლათი. ორივეს შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწევს. დანარჩენები კიდევ უბრალოდ „ჩამოიშლებიან”, – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე პროცესები ეკონომიკაზე ეფექტს აუცილებლად მოახდენს, თუმცა მისი ვარაუდია, რომ ვადამდელი არჩევნები მაინც დაინიშნება, რაც მოლოდინების კუთხით, უკვე დადებითი იმპულსია.
“ეკონომიკური საკითხები დამოკიდებულია იმაზე, პოლიტიკური პროცესები როგორ გაგრძელდება. ფაქტია, კრიზისი მუდმივად ვერ იქნება, ან უნდა გადაწყდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნით, ან “ქართული ოცნების” მიერ ავტორიტარული რეჟიმის სრული გაფორმებით. ეს ორი, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ შედეგს იძლევა. რა მოხდება, ეს რთული სათქმელია, მაგრამ მე ვფიქრობ, “ქართული ოცნება” მაინც იძულებული გახდება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს. რაც იქნება ძალიან კარგი გამოსავალი. ერთი დარწმუნებული ვარ, თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, ამას მაშინვე დადებითი იმპულსი ექნება ეკონომიკაზე. ეს ავტომატურად “ქართული ოცნების” დამარცხებას და ქვეყნის ნორმალურ ეკონომიკური პროცესების დაბრუნებას ნიშნავს და არა ქვეყნის იზოლაციას და რკინის ფარდის ჩამოშვებას ევროკავშირთან. როგორც კი არჩევნები დაინიშნება, მაშინვე დადებითი ეფექტი ექნება მოლოდინებზეც.
თუ არ არის საშველი და ივანიშვილი შეძლებს ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, ასევე, ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას (რომლის ალბათობა ძალიან მცირეა), მაშინ მთლიანი ეკონომიკა ჩამოიქცევა, რაც ლარიდან დაიწყება. იმიტომ, რომ მთელი ცივილური სამყაროსგან იზოლირებულად, ჩვენი ეკონომიკის ფუნქციონირება არ შეგვიძლია. ლარი “დადნება”, ამას მოჰყვება ინფლაცია, ეკონომიკური ზრდის განულება (თუ უარყოფით ბალანსში გადასვლა არა) და გვექნება სრული “არმაგედონი”. ეს მოხდება იმ მცირე ალბათობის შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში”,- ამბობს გიგა ბედინეიშვილი.
კითხვაზე, რა აძლევს მას იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი ალბათობით არჩევნები დაინიშნება და ეკონომიკაზე ეს დადებით იმპულსს გააჩენს? ფინანსისტი ამბობს, რომ ქუჩის პროტესტი და დასავლეთის მიერ ქმედით ნაბიჯებზე გადასვლა.
“ძალიან ძლიერი წნეხი ქუჩაში – მართალია, არ იმჩნევს “ქართული ოცნება”, მაგრამ ეს ძალიან აისახება პარტიის შიგნით დინამიკაზე, მათ მომხრეებში და მათი მომხრეების რიცხვის შემცირებაზე. ვინც დარჩება, მათშიც ეჭვი გაჩნდება, რამდენად სწორ მხარეს დგანან.
მეორე ფაქტორი – არ დაგავიწყდეს, რომ “ქართული ოცნება” არის ივანიშვილი და მისი აბსოლუტურად მორჩილი მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო და ა.შ. ივანიშვილს ისეთივე ძალაუფლება აქვს აღებული, როგორც ბელადებს აქვთ ხოლმე. გარდა ამისა, ივანიშვილი არის მთელი “ქართული ოცნების” სისუსტე, ის არის ძალიან მოწყვლადი, მე დარწმუნებული ვარ, მისი მთელი კაპიტალი არის დასავლეთში, ან დასავლეთისთვის ხელმისაწვდომ ადგილას. ის სანქციები კი, რომლის მხოლოდ მსუბუქი ფორმა გაჟღერდა, მე ვფიქრობ, ივანიშვილს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიაღებინებს, ქონების დაკარგვას არ გარისკავს და იძულებული იქნება, დათმოს ძალაუფლება და შეინარჩუნოს დოვლათი. ორივეს შენარჩუნებას ვერ შეძლებს, ამიტომ არჩევანის გაკეთება მოუწევს. დანარჩენები კიდევ უბრალოდ “ჩამოიშლებიან”,- აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.
რაც შეეხება ეკონომიკურ ეფექტს, მოკლევადიან პერიოდში (დაპაუზებული თუ შეჩერებული პროექტების, დაფინანსების გათვალისწინებით), ფინანსისტი ამბობს, რომ “ეს მაინც მხოლოდ ყოყმანის და გაურკვევლობის პერიოდია, რადგან ჯერ მაინც არავინ იცის, საით წავა ვითარება”.
შეგახსენებთ, რომ უკვე თვეზე მეტია საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.
ამასთან, დეკემბრის მიწურულს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) განცხადებით, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს”.
www.bpn.ge