უკრაინისთვის გადამწყვეტ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიუსელში აპირებენ, 10 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება, რომელიც უნგრეთს შეუჩერეს, კვლავ გამოყონ.
მედიის ინფორმაციით, ამით, ბრიუსელი ცდილობს, ორბანს, ევროკავშირის წევრობაზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, აზრი შეაცვლევინონ. ცნობისთვის, უნგრეთს 10-მილიარდიანი დაფინანსება სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების გამო “გაუყინეს”.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი ბალაშ ორბანი აცხადებს, რომ ოფიციალური ბუდაპეშტი მზადაა, მოხსნას ვეტო ევროკავშირის მიერ შემუშავებულ უკრაინის დაფინანსების საკითხიდან, თუ უნგრეთი ევროკავშირის მიერ „გაყინულ“ თანხებზე სრულ წვდომას მიიღებს.
„ევროკავშირის მხრიდან უნგრეთის დაფინანსება და უკრაინის დაფინანსება ორი სხვადასხვა საკითხია. თუმცა, თუ ევროკავშირი ამბობს, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის განახლებული ბიუჯეტიდან უნდა ხდებოდეს, ეს ორი საკითხი ერთმანეთთან დაკავშირებული ხდება“, – აღნიშნა ბალაშ ორბანმა.
ევროკავშირის ლიდერები ხუთშაბათიდან ჩავლენ ბრიუსელში, რათა უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხი – 50 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფასა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრობის მოლაპარაკებების უკრაინასთან დაწყება, საშინელი შეცდომა იქნება, რომელიც უნგრეთმა თავიდან უნდა აიცილოს. ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები და, ამის ნაცვლად, სტრატეგიული პარტნიორობისკენ უნდა ისწრაფოდეს.