ანტიკორუფციული ბიურო ფეისბუკზე რეკლამაში 30 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს – ამის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული.
ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ამ მიზნით შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა და ითხოვა გამარტივებული შესყიდვის წესის საფუძველზე მისცენ უფლება 30 000 ლარი დახარჯონ ფეისბუკზე რეკლამაში 2025 წელს.
კუპრაშვილის წერილზე შესყიდვების სააგენტომ თანხმობა გასცა.
“გაცნობებთ, რომ სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს ესაჭიროება სოციალურ ქსელ „Facebook“-ში სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ცნობადობის გაზრდის მიზნით ბიუროს ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდისა (ანტიკორუფციული ბიურო / Anti-Corruption Bureau) და მასზე განთავსებული სიახლეების პოპულარიზება. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები როგორც საქართველოს მასშტაბით, ისე სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე, უნდა გაშუქდეს კონფერენციები და პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ანტიკორუფციული საკითხების მიმართულებით საზოგადოების ცნობადობის გაზრდას. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სოციალურ ქსელს საქართველოში ყველაზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. შესაბამისად, მიზანშეწონილია „Facebook“-ით გავრცელებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამა თუ იმ თემატიკის ინფორმაციის მეტი მომხმარებლისთვის გაცნობა, რასაც „Facebook“-ის ინფორმაციის რეკლამირების მომსახურებით ანუ ჩვენ მიერ მოთხოვნილი შესასყიდი მომსახურებით სარგებლობა უზრუნველყოფს”, – წერია რაჟდენ კუპრაშვილის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილ წერილში.