ავლაბარში სასტუმრო “ალუბლის ბაღი” იყიდება – ფასი $3 მლნ

ავლაბარში 21-ნომრიანი სასტუმრო “ალუბლის ბაღი” იყიდება. გასაყიდი ფასი 3 მლნ დოლარია. სასტუმროს, რომლის შენობა არის 4-სართულიანი და შიდა საერთო ფართია 1100 კვ.მ, აქვს ეზო, ტერასით და საპარკინგე ადგილით.
როგორც bm.ge-ს სასტუმროს თანამფლობელმა და მმართველმა ნანა რიჟამაძემ განუცხადა, გაყიდვის მიზეზი საბანკო კრედიტია.
“ბანკის ვალებს ვეღარ ვფარავთ და გადავწყვიტეთ, გავყიდოთ. სასტუმროს რესურსი არ ყოფნის გადახდას. პროცენტი პანდემიის შემდგომ პერიოდში გაგვეზარდა, ერთი წელი ვიმუშავეთ და გაჭირვებით ვიხდიდით თვეში დაახლოებით 10 000 ევროს. ამას ემატება სასტუმროს შენახვის თანხები, ამიტომ გვირჩევნია გავყიდოთ და რაღაც ახალი დავიწყოთ”, – ამბობს სასტუმროს თანამფლობელი და მმართველი, ნანა რიჟამაძე.
მისივე თქმით, სასტუმრო ფუნქციონირებს და აქვს ჯავშნებიც. რაც შეეხება დატვირთულობას, მისი თქმით, საახალწლო პერიოდი ამ მხრივ წარმატებული იყო.
“დატვირთულობა დღევანდელი დღის კვალობაზე ნორმალურია. საახალწლო პერიოდში – 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, თითქმის სრული დატვირთულობით ვიმუშავეთ”, – აღნიშნა სასტუმროს თანამფლობელმა და მმართველმა.
სასტუმრო “ალუბლის ბაღი” გაიხსნა 2018 წელს.