კომპანია Veli.store 2025 წლიდან საქმიანობის გაფართოებას გეგმავს და ევროპულ ბაზარზე შესვლა სურს. კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბერეჩიკიძემ ,,კომერსანტის’’ შემაჯამებელ ეთერში აღნიშნა, რომ მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, ისინი ახალ ბაზრებზე გასვლას აპირებენ. ამ მიზნით, კომპანიამ ტესტებიც ჩაატარა და ადამიანები გამოკითხა. პოზიტიური მოლოდინის საფუძველს არსებული საოპერაციო სისტემა იძლევა, რომელსაც გიორგი ბერეჩიკიძე უნიკალურს უწოდებს.
,, ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა მოვემზადოთ, რომ ქვეყნის გარეთაც გავიტანოთ ის პროდუქცია, რომლითაც ძალიან ვამაყობთ. გვგონია, რომ თუ რაღაც სასწაულმა პირობებმა კიდევ ხელი არ შეგვიშალა, რომ ეს მომზადება ტექნოლოგიური თუ საოპერაციო ნაწილის იმის საფუძველი გახდება, რომ 2025 წლიდან ჩვენ დავიწყოთ ფიქრი და მზადება უცხოურ ბაზარზე, რომელიმე ქვეყანაში გასვლაზე. ევროპისკენ გვინდა, სადმე ახლომახლო ევროპისკენ გვინდა, რომ გავიხედოთ თუმცა ეს ჯერჯერობით მოკვლევის ეტაპზეა. მზად ვართ, იმიტომ რომ გვგონია, რომ ეს მოდელი საოპერაციო და თვითონ E commers-ის ეს მოდელი რაღაცნაირად უნიკალურია. ჩვენ ბევრ ტესტში გავატარეთ თავად ეს კომპანია და გამოვკითხეთ კიდეც ადამიანები, ამ სფეროში ჩახედული და მათი უკუკავშირი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო მოდელით ვოპერირებთ, რომელიც არ ჰგავს სხვა E commers მოდელს, ამიტომ ვფიქრობთ რომ შანსი გვაქვს.’’- აცხადებს კომპანიის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბერეჩიკიძე.
გიორგი ბერეჩიკიძე აღნიშნავს, რომ კომპანია 2025 წლიდან პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასაც გეგმავს. მისივე თქმით, კომპანია ჩქარი ტემპებით იზრდება, რაც მათ არსებული რესურსების კიდევ უფრო მასშტაბურად გამოყენების საშუალებას აძლევს.
,,რაც დავიწყეთ ის უნდა გავაგრძელოთ საოპერაციო და ზოგადად ოპტიმიზაციის მიმართულებით. ჩვენთვის მთავარია, რომ ბევრად უფრო დიდ მასშტაბებს, კიდევ უფრო წარმატებით გავუმკლავდეთ. ეს პროდუქციის ასორტიმენტის ზრდასაც შეეხება, თავად ველის საწყობი უკვე დიდი ზომის არის. უკვე 300 ადამიანი მუშაობს და ამ ყველა ადამიანური, ტექნიკური თუ ფიზიკური რესურსის მაქსიმალური ოპტიმიზაცია იქნება ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რომელიც უკვე პირდაპირ გადაითარგმნება ჩვენს ზრდაში. იმიტომ რომ ეს ზრდა წლიდან წლამდე, რაღაც ბუნებრივი მოცემულობა აღმოჩნდა ჩვენთვის. ამასთან გამკლავება არის ჩვენი ამოცანა.’’- აცხადებს გიორგი ბერეჩიკიძე.