გასულ წელს საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2024 წლის 11 თვეში 34,8 მლნ დოლარის 6 587 ტონა ყავა შეიძინა. მაშინ, როდესაც 2023 წელს, ანალოგიურ პერიოდში მეტი მოცულობა, 6 960 ტონა პროდუქტი 28.2 მლნ დოლარად იყიდა.
შესაბამისად, საქართველოს ყავის იმპორტმა ღირებულებაში 23.5%-ით მოიმატა მაშინ, როდესაც რაოდენობრივად 5.4%-ით იკლო, რაც იმპორტის გაძვირებაზე მეტყველებს.
ფასის ზრდა გლობალური ტენდენციით შეიძლება აიხსნას. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების და კლიმატური პირობების გავლენით, მსოფლიოში ყავის ფასი გაზრდილია, მათ შორის, რობუსტას ჯიშის ყავა 45-წლიან მაქსიმუმამდე გაძვირდა.
ქვეყანა ყველაზე დიდი რაოდენობით ყავას ინდონეზიისგან ყიდულობს, რომლის წილიც ყავის მთლიან იმპორტში 37%-ია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნიდან იმპორტის შემცირება შეინიშნება. გასულ წელს, 11 თვეში საქართველომ ინდონეზიაში 9.5 მლნ დოლარის ღირებულების 2 452 ტონა ყავა შეიძინა, ხოლო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 3 087 ტონა, რაშიც 7.8 მლნ დოლარი გადაიხადა.
უფრო დეტალურად, საქართველო ყველაზე მეტ მოხალულ და მოუხალავ ყავას შემდეგი TOP-10 ქვეყნისგან ყიდულობს:
· ინდონეზია – $9,5 მლნ/2 453 ტონა;
· ვიეტნამი – $4,4 მლნ/1,326 ტონა;
· რუსეთი – $5,5 მლნ/861 ტონა;
· გერმანია – $2,7 მლნ/350 ტონა;
· იტალია – $4,2 მლნ/337 ტონა;
· სომხეთი – $1,8 მლნ/329 ტონა;
· ბრაზილია – $917 ათასი/250 ტონა;
· თურქეთი – $1,2 მლნ/143 ტონა;
· შვეიცარია – $393 ათასი/84 ტონა;
· ნიდერლანდები – $698 ათასი/80 ტონა.
bm.ge