მიმდინარე მოვლენების გამო ჯავშნების 60-70% გაუქმდა – “პონგინო ვაინ”

მეღვინეობა „პონგინო ვაინის“ დამფუძნებლის, გულნარა რომანაძის განცხადებით, 2024 წელი წარმატებული იყო, თუმცა ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც 28 ნოემბერს გაკეთებულ ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირდება, მათ მეღვინეობაზე პირდაპირი ასახვა პოვა.
რომანაძის თქმით, ჯავშნები 60-70%-ით შეუმცირდათ. დეკემბერში წინასწარი ჯავშნების 60% კი გაუუქმდათ.
„წელი ნამდვილად წარმატებული იყო. თუმცა, მიმდინარე მოვლენებმა ჩემს ბიზნესზე პირდაპირი ასახვა პოვა. დაახლოებით 60-70% ჯავშნების გაუქმდა. ჯავშნები რომლებიც დეკემბრის თვეში მქონდა, თითქმის 60% გამიუქმდა. ჩემი სტუმრების ძირითადი ნაწილი, რომელიც დარჩა, დანაა“,- ამბობს გულნარა რომანაძე.
რაც შეეხება ექსპორტს, მეღვინეობის დამფუძნებლის ცნობით, საექსპორტო ბაზრები სრულად გაჩერებული აქვთ, რაც ასევე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. ამასთან, არც ახალი ბაზრების მოძიება არ არის გეგმაში, სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება.
“ექსპორტთან დაკავშირებით აბსოლუტური სიწყნარე მაქვს. მოთხოვნა არ არის. იცით, რომ ჩემი ღვინო ძირითადად ევროპაში იყიდებოდა. შესაბამისად, ევროპული ქვეყნებიდან მოთხოვნა არ არის. ვერ ვიტყვი, რომ ევროპელებისთვის საინტერესო არ ვართ, თუმცა ალბათ ეს მდგომარეობა მათზე მოქმედებს. ამიტომ, რაღაც დრომდე ექსპორტი გაჩერებული მაქვს.
ნოემბერში -ში ვგეგმავდით ექსპორტს, დეკემბერში მილანში უნდა გვქონოდა გამოფენა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერი გაგვიჩერდა. არსებულ ვითარებაზე მართალია უკუკავშირი მათგან არ ყოფილა, მაგრამ მოთხოვნა არ ყოფილა, “- თქვა მან.
მისი განმარტებით, 2025 წელს არანაირი გეგმა ან მოლოდინი არ აქვთ და სრულად მოლოდინის რეჟიმში არიან გადასული.
ინფორმაციისთვის, „პონგინო ვაინ“ საგარეჯოში, სოფელ ხაშმში მდებარე მეღვინეობაა, რომელიც ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. მეღვინეობაში პრემიუმ კლასის ადგილწარმოშობის ღვინო – ხაშმის საფერავი, ქისი, მუსკატი და რქაწითელი იწარმოება.