აშშ-ის კონგრესი დღეს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას დაამოწმებს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების ოფიციალურად დამოწმების მიზნით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა და სენატი ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოლეგიის ხმებს დაითვლის. სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი უხელმძღვანელებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ 4 წლის წინ, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრა არ დაივიწყონ.
„ოთხი წლის შემდეგ, როცა თანამდებობას ვტოვებ, მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა პატივი ვცე ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და აღვადგინო ტრადიციები, რომლებსაც აშშ-ში დიდი ხანია პატივს ვცემთ. არჩევნების დამოწმება მშვიდობიანად მოხდება“, – დაწერა ჯო ბაიდენმა Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
შეგახსენებთ, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, კამალა ჰარისმა 226 ხმა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.