ადვოკატის თქმით, პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის და სხვების საქმის გადადებას ითხოვს

პროკურატურა ითხოვს, რომ პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 იანვარსაა ჩანიშნული, 12 მარტისთვის გადაიდოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს იმ იურისტთა ჯგუფის სახელით, რომელიც დაკავებულ მომიტინგეებს იცავს.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი არის, რომ უკანონოდ დაპატიმრებულ პირთა საქმის საჯარო განხილვა არ დაიწყოს დროულად და არ გამოჩნდეს გამოძიების უსაფუძვლობა.
“შუამდგომლობის დასაბუთება ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნას! ისეთივე დაუსაბუთებელია, როგორიც იყო ბრალის დადგენილება და პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა. საგამოძიებო ორგანო დღემდე ვერ უთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებს. ვერ უთითებს, რადგან არ არსებობს ბუნებაში რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი. საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად და ეს გადაწყვეტილებაც უკანონოა. დაპატიმრებული პირები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ როცა ბრალად წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. გამოძიებამ 11 პირის სისხლის სამართლის საქმე ხელოვნურად გააერთიანა. ამით პროკურატურა ქმნის ხელოვნურ სურათს რომ საქმე მოცულობითია (დიდია) და სურს მუდმივად ამ არგუმენტით მოითხოვოს პროცესის გადადება. ანდრო ჭიჭინაძის დაკავებიდან 1 თვეზე მეტია გასული (გამოძიების დაწყებიდან კი უფრო მეტი), გამოძიების ორგანო კი ამბობს რომ მტკიცებულებების მოსაპოვებლად დრო საკმარისი არ არის. დაცვის მხარის პოზიციას შუამდგომლობის შესახებ ხვალ წარვადგენთ”, – აცხადებს ადვოკატი.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იგი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მასში მონაწილეობისა და ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ბრალდების მუხლითაა დაკავებული.

ასევე დაგაინტერესებთ