რას ჰყვება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი ტურისტი ქალი

ვრცელდება მესტიისკენ გზაზე მომხდარი თავდასხმის მსხვერპლი რუსი ტურისტი ქალის მონათხრობი თავდასხმის დეტალებთან დაკავშირებით, სადაც ის ჰყვება, რომ მას და მის მხლებელ მამაკაცს ორი უცნობი პირი დაესხა თავს. თავდამსხმელები გზაზე მანამდეც უტრიალებდნენ წყვილს და მათ შორის კომუნიკაციაც შედგა.
პოლიციას ამ დრომდე არ უპოვია ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც სოფელ ნაკრასთან დაესხნენ თავს რუს წყვილს. წყვილი მესტიისკენ ზუგდიდიდან შკოდას მარკის ავტომობილით მგზავრობდა. პოლიცია ეძებს მსხვერპლ მამაკაცსაც, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დრომდე ასევე უცნობია.
ქალის ნათესავებზე დაყრდნობით, ტურისტი ქალის მონაყოლს და თავდასხმის შესახებ დეტალებს ავრცელებს რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი.
„თეთნულდისკენ მივდიოდით, თოვა დაიწყო. გვირაბის გავლის შემდეგ გავჩერდით, რომ გვეყურებინა, როგორ თოვდა და ვიდეო გადავიღეთ. თავიდან გვერდით ჩაგვიარეს, გაჩერდნენ და გვკითხეს, დახმარება ხომ არ გვჭირდებოდა. ვუთხარით, რომ არა, მადლობა, უბრალოდ ფოტოებს ვიღებთო და წავიდნენ. ამის შემდეგ გავუსწარით კიდეც. გზის პირას იყვნენ გაჩერებულები. გზად თოვლში ჩარჩენილი მანქანა შეგვხვდა და ვიწიამ ტროსით ამოიყვანა. ამ დროს ჩაგვიარა თეთრმა სუბარუმ და არ გაჩერებულა.
როდესაც ვიწიამ შორიდან დაინახა, რომ შუა გზაზე იყვნენ გაჩერებულები, მთხოვა, მანქანის სათავსო უჯრიდან დანა ამომეღო და მისთვის მიმეცა. გაჩერდა, გადავიდა და ჰკითხა მათ, რა მოხდაო. იმათ „ნასოსი“ სთხოვეს. ამოიღო და მისცა. მერე რაღაც კონფლიქტი დაიწყო. ეუბნებოდნენ, ტელეფონები მოგვეცი, სურათები რატომ გადაგვიღეო. ერთი მანქანაში შემოძვრა და ვიწიას ერთი ტელეფონი აიღო. ვიწიამ სთხოვა, რომ მე არ შემხებოდნენ. ისევ შემოძვრა და მეორე ტელეფონიც აიღო. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, მაგრამ მე მარტო ვიქტორის ხმა მესმოდა, რომ ეუბნებოდა, არ შემეხოო. მერე ორი გასროლა იყო, ვერ დავინახე ვინ ისროლა და ვერც ვიქტორი დავინახე. პისტოლეტით მომიახლოვდა, დამიმიზნა და ტელეფონი მომეციო. აღარ დაიცადა, ორივე ჩაჯდა ჩვენს მანქანაში და პირდაპირ წავიდნენ. მერე ის, რომელიც უკან იჯდა, გადავიდა. პირდაპირ სვლა გავაგრძელეთ. მოგვიახლოვდა სუბარუ. ჩვენს მანქანაში საჭესთან რომელიც იჯდა, მოტრიალდა, გადავიდა და სუბარუში ჩაჯდა. წავიდნენ. აქედან 10 წუთში დავრეკე 112-ზე. მოვასწარი ამეხსნა, რომ მესტიამდე დაახლოებით ერთ საათამდე გზა იყო დარჩენილი, მანქანის ნომერი ვუთხარი და ყველაფერი ავუხსენი.
მანქანა შიგნიდან ჩავკეტე, ისინი დაბრუნდნენ და მანქანის შუშის ლეწვა დაიწყეს. კარი გავაღე, მითხრა, რომ გადავმჯდარიყავი. გადავჯექი და დავიძარით. ვუთხარი, რომ გავეშვით და ნუ დაგვხოცავდნენ. მითხრა, არავინ აპირებს თქვენს მოკვლასო. მივედით გორამდე, რომელზე ასვლაც უნდოდათ. შკოდათი ვერ შეძლო, სუბარუ უკვე წინ იყო. უკან დაიხია, ჩვენს მანქანაში ვინც იჯდა, სუბარუში გადაჯდა და წავიდნენ. ტელეფონი ამოვიღე და კიდევ ერთხელ დავრეკე 112-ზე. ორი გამვლელი მანქანა გავაჩერე. მერე მოვიდა პოლიცია. პიკაპები მაშინვე წავიდნენ იქით და ყველაფერი ამ დრომდე გრძელდება. იმავე ისტორიას ვისმენ გამომძიებლებისგან“, — ასეთია ტურისტი ქალის ნაამბობი რომელსაც თავს დაესხნენ და მხლებელი მამაკაცის შესახებ, მანაც ამ დრომდე არაფერი იცის.
შემთხვევა 4-5 იანვრის ღამეს მოხდა. დაკარგული ტურისტი მამაკაცი ვიქტორ სოლოვიოვია. წყვილის მანქანა მესტიაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.