ოპოზიციური პარტიების, სალომე ზურაბიშილის, ევროპარლამენტარებისა და სხვა პოლიტიკოსების მოწოდებების შემდეგ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ განაცხადა, საქართველოში 8-10 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
ინფორმაციას თავად პია კაუმა ავრცელებს პლატფორმა X-ზე.
„დისკუსიებისა და ბევრი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტის გადადება იმ დრომდე, როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება“, – წერს ის.
მისი განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა, „მოუსმინოს ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთოს/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“.
პია კაუმა 8-10 იანვარს გეგმავდა დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს.
კრიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ არსებობდა რისკი, რომ „ქართულმა ოცნებას“ ეს ვიზიტი „პროპაგანდისტული მიზნებისთვის“ გამოეყენებინა იმ პირობებში, როდესაც მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საერთაშორისო დონეზე არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტის დაგეგმვა გააკრიტიკეს ლატვიელმა და ლიეტუველმა ევროპარლამენტარებმა, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა, ამერიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე ჯო უილსონმა, ასევე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა ოთხმა ოპოზიციურმა გაერთიანებამაც, რომლებმაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს, თუმცა არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არალეგიტიმურად აცხადებენ მე-11 მოწვევის პარლამენტს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობასა და კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ნინო წილოსანი 5 იანვარს X-ზე წერდა: „პრეზიდენტ კაუმას ვიზიტი კარგი შესაძლებლობა იქნება თანამშრომლობის ფორმატების განსახილველად“.
ფორუმი