გრენლანდიის მთავრობის მეთაური მუნე ეგედე კუნძულის დამოუკიდებლობის მომხრეა. მისი სიტყვები გაჟღერდა რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ტრამპმა შესთავაზა გრენლანდიის გამოსყიდვა დანიისგან. სხვათა შორის, ეგედემ მაშინ ტრამპის პასუხად თქვა, რომ კუნძული არ იყიდება, თუმცა, ახლა Politico-ს ინფორმაციით, გრენლანდიის მთავრობის მეთაურმა, მუნე ეგედემ გამოაცხადა, რომ სურს მიაღწიოს კუნძულის დამოუკიდებლობას დანიისგან.
„დროა გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის“, – თქვა ეგედემ საახალწლო გამოსვლაში. გამოცემა მიიჩნევს, რომ ასე მიანიშნებდა პოლიტიკოსი 2025 წელს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე.
ეგედე გრენლანდიას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს და არის დამოუკიდებლობის მომხრე სახალხო საზოგადოების (IA) პარტიის წევრი. თავის გამოსვლაში მან დანიისგან დამოუკიდებლობისა და „კოლონიალიზმის ბორკილების“ მოხსნისკენ მოუწოდა. გრენლანდია, მსოფლიოს უდიდესი კუნძული, სადაც დაახლოებით 60 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, იყო დანიის კოლონია, სანამ 1979 წელს არ მოიპოვა თვითმმართველობა და საკუთარი პარლამენტი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დანიის ურთიერთობამ გრენლანდიასთან ვერ მოიტანა „სრული თანასწორობა“, ამიტომაც მას მიაჩნია, რომ კუნძული უნდა წარმოადგენდეს საკუთარ თავს მსოფლიო ასპარეზზე.
დანიასთან 2009 წლის შეთანხმების თანახმად, გრენლანდიას დამოუკიდებლობის გამოცხადება მხოლოდ წარმატებული რეფერენდუმის შემდეგ შეუძლია, – აღნიშნავს გამოცემა.
„უკვე დაწყებულია მუშაობა გრენლანდიის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საფუძვლის შესაქმნელად. სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მომავალმა ახალმა საარჩევნო პერიოდმა მოქალაქეებთან ერთად უნდა შექმნას ეს ახალი ნაბიჯები“, – განაცხადა ეგედემ.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა გრენლანდიის შეერთებულ შტატებში გაერთიანების გეგმები. ტრამპის თქმით, „აბსოლუტურად აუცილებელია“, რომ შეერთებული შტატები ფლობდეს გრენლანდიას, რათა „უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოება და თავისუფლებები მთელს მსოფლიოში“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრამპი მსგავს განცხადებებს აკეთებს. 2019 წელს, მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს, ტრამპმა ასევე წამოაყენა იდეა გრენლანდიის დანიისგან შეძენის შესახებ. მაშინ პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა წინადადებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა კიმ კილსენმა ნათლად თქვა, რომ რეგიონი “არ იყიდება”. ამ ვითარების ფონზე, ტრამპმა გააუქმა მოგზაურობა დანიაში და მოლაპარაკებები ფრედერიკსენთან.
2024 წლის დეკემბერში ეგედემ, ტრამპის სხვა წინადადების საპასუხოდ, განაცხადა, რომ გრენლანდია არ იყიდება.
„გრენლანდია ჩვენია. ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ხანგრძლივი ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ეგედემ.
გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია, რომლის ფართობია 2,166 მილიონი კვადრატული კილომეტრი, რომლის თითქმის 80% დაფარულია ყინულით. იგი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით. კუნძულზე 50 ათასზე ცოტა მეტი მოსახლეა, მათი უმეტესობა ინუიტები (ესკიმოსები).
ეს არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ავტონომიური ტერიტორია დანიის შემადგენლობაში. დასახლებები ძირითადად კონცენტრირებულია სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე. გრენლანდიის დედაქალაქია ნუუკი.