არგენტინის პროდასავლელი რეფორმატორი – ხავიერ მილეი „უბატონო ეკონომიკის“ მშენებლობის გზაზე

2023 წლის ბოლოსთვის არგენტინა ეკონომიკური უფსკრულის წინაშე იდგა, მსგავსი სიტუაცია ქვეყანას ბოლოს 1975 წელს ჰქონდა, თუმცა ბოლო წლების ეკონომიკური კოლაფსი, ი დროინდელ მასშტაბებსაც კი აჭარბებდა. მაგალითად, 2023 წელს 1975 წელთან შედარებით ფულის მასა გაორმაგებული იყო, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთები კი 4-ჯერ მაღალი, რაც შეეხება სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსს, აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელს, გასული წლის ანალოგებთან შედარებით 211%-ით გაიზარდა.
2024 წლიდან არგენტინაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებები ეტაპი დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულმა მ თავისი უჩვეულო და რადიკალური იდეებით დიდი ყურადღება მიიპყრო, როგორც არგენტინაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. მისი მმართველობის პირველი ნაბიჯები უკვე აჩვენებს, რომ ქვეყანა, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, მმართველობის სრულად ახალ კურსზე გადადის.
2025 წლისთვის არგენტინის მმართველი ლიბერტარიანული პარტიის მთავარი დაპირებები მკაცრი ფისკალური ბალასნი, ფულის მასის ზრდის შეწყვეტა და ბიზნესის დერეგულაციაა.
მილეის მმართველობის გეგმა და უკვე მიღწეული წარმატებები, რამდენიმე ეტაპად დავყავით. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მცდელობაა, რასაც ულტრამემარჯვენეთა ლიდერი სახელმწიფო ხარჯების შემცირებით ცდილობს. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ქვეყანაში მსგავსი რადიკალური რეფორმები ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო გააღატაკებს. არგენტინის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INDEC) მონაცემებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის მოსახლეობის 40.1% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, რაც დაახლოებით 18.6 მილიონი კაცია.
ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის მცდელობები
15-წლიანი სტაგნაციისა და ინფლაციის კატასტროფული ზრდის ფონზე, მილეიმ სწრაფი და რადიკალური ზომები მიიღო:
· ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება: საჯარო უწყებებში ხარჯები 30%-ით შემცირდა, შეჩერდა სოციალური პროგრამირების უმეტესობა, თუმცა, კონკრეტულად რომელი პროგრამა ან სახელმწიფო სუბსიდირება შეიზღუდა, ამის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. ,,ლიბერტარიანული პარტია” ამ მეთოდით სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებას ცდილობს.
· გაცვლითი კურსის კორექცია: არგეტნინული პესოს ოფიციალური გაცვლითი კურსი ბაზრის პირობებს მიუახლოვდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კაპიტალის კონტროლის პრობლემებს.
· იმპორტის გადასახადის ზრდა: ამ ცვლილებამ არგენტინულ წარმოებასა და ადგილობრივ ეკონომიკას გარკვეული შეღავათები უნდა მოუტანოს.
მილეის თქმით, აღნიშნული ცვლილებები უკვე იძლევა პირველ შედეგებს. 2024 წლის პირველ თვეებში ეკონომიკური ზრდის ნიშნები გამოჩნდა, თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა.
ფისკალური კონსერვატიზმი და მონეტარული პოლიტიკა
მილეის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დაპირება არის ფულის მასის ზრდის შეწყვეტა და მკაცრი ფისკალური ბალანსის დაცვა. მისი მიზანია, არგენტინა მეტად ლიბერალურ და ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკურ მოდელს მოერგოს, სადაც მთავრობის ჩარევა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
“დერეგულაცია და კონკურენცია არის ის, რაც ჩვენი ეკონომიკის კონკურენციას აღადგენს”, – აცხადებს მილეი. თუმცა, მისი მიდგომა კრიტიკას იწვევს როგორც არგენტინის ოპოზიციის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ სოციალური პროგრამების შემცირება უთანასწორობასა და სიღარიბეს გაზრდის, განსაკუთრებით კი არგენტინის პროვინციებში.
რას ელოდება არგენტინა 2025 წელს?
მილეი აღიარებს, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მისი მმართველობის მთავარი მიზნები მომდევნო წლებში მოიცავს:
· სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფას ეკონომიკური რეფორმების ფონზე.
· უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.
· ინფლაციის კონტროლის გაგრძელებას და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
მიუხედავად იმისა, რომ მისი რეფორმები უკვე იძლევა გარკვეულ შედეგებს, მილეის წინ დიდი გამოწვევები დგას. არგენტინის ისტორია სავსეა ეკონომიკური კრიზისით და პოლიტიკურ პრობლემებით, რაც ქვეყანაში დიდი ინვესტორებს ჯერ კიდევ პრობლემებს უქმნის.
ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული მკაცრი ზომები და ლიბერტარიანული მიდგომა, შესაძლოა, არგენტინისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს, თუმცა, სოციალური და პოლიტიკური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, მას ბალანსის დაცვა მოუწევს. მომდევნო წლები გამოავლენს, შეძლებს თუ არა მილეი თავისი ამბიციური მიზნების განხორციელებას და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას.
ხავიერ მილეის წარმატებები მისი მმართველობის პერიოდში ძირითადად ეკონომიკურ სფეროში გამოიკვეთა, თუმცა მისი პოლიტიკის შედეგები ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია.