კაბა გველის გამოსახულებით და შთამბეჭდავი კადრები: ეკო ფანგანის საახალწლო ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს – Marao

“სიკეთე, სიყვარული, ერთობა, სიმშვიდე, იღბალი და ბარაქა მოეტანოს 2025 წელს ყველასთვის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. გილოცავთ უკლებლივ ყველას, მე მიყვარხართ ყველა”, – წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ეკო ფანგანი.
ეკომ ფოტოები გველის ორნამენტით გაფორმებულ ორიგინალურ კაბაში გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.
ეკო ფანგანმა კარიერული გზა სრულიად განსხვავებული სფეროდან დაიწყო:
“ტელევიზიისგან სრულიად განსხვავებული სფერო ავირჩიე – თსუ-ში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. სხვათა შორის, მთელ კურსზე ყველაზე მაღალი ქულებით მე ჩავირიცხე. მშობლები არც ჩარეულან, ისე ავირჩიე ეს სპეციალობა და უნივერსიტეტშიც ისე ჩავაბარე. ისინი არასდროს მაკონტროლებდნენ, თუმცა დედაჩემი ყოველთვის ახერხებდა, ჩემ შესახებ ყველაფერი სცოდნოდა და ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო. დღესაც არ ვიცი, ვისგან და როგორ იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მზრუნველი და კარგი მშობლები მყავდა, მე უფრო ბებია-ბაბუასთან ყოფნა მომწონდა, მათთან ვიზრდებოდი და ისინი განსაკუთრებით მიყვარდა. ალბათ ამიტომ, ძალიან დამოუკიდებელი ბუნების ვიყავი, ჩემი სამყარო მქონდა და იქ ვცხოვრობდი. სამწუხაროდ, დღეს ჩემი ბებია-ბაბუები ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ მათი ამაგი არასდროს დამავიწყდება. ჩემი ბაბუა, სერგო ფანგანი საბჭოთა კავშირის დროს, ერთ-ერთი დამსახურებული, მაღალჩინოსანი ქართველი სამხედრო იყო. 1945 წლის შემდეგ, ის ორი წლით დატოვეს ბერლინის კომენდანტად. ჩემს თვალში ნამდვილი გმირი იყო.
ძალიან დიდი ნათესაობა გვყავს, ბაბუას თავისი ახლობლები და ოჯახის წევრები აქ ჩამოჰყავდა და ასწავლიდა. მახსოვს, რომ მთელი სვანეთი სტუდენტობის წლებში ჩვენს სახლში ცხოვრობდა.ისინი ჩვენს ოჯახს დიდ პატივს სცემდნენ და ნათესაური კავშირები დღემდე შენარჩუნებული გვაქვს. განსაკუთრებით მიყვარდა მეორე ბაბუა – შალვა მიქაძე, რომელიც 25 წლის განმავლობაში თსუ-ის ქიმიის ფაკულტეტის დეკანი იყო. თუ ვინმემ რაიმე მასწავლა, სწორედ ის იყო. მისი დამსახურებაა, რომ ასე ძალიან მიყვარს სპორტი. ჰოკეით დაწყებული, ფეხბურთის ჩათვლით, ბაბუა ყველაფერს მაყურებინებდა. სწორედ მან შემაყვარა პოეზია და ლიტერატურაც. ის ჩემთვის საუკეთესო მეგობარი იყო და მისგან გამოყოლილი სიყვარული დღემდე გულს მითბობს!” – იხსენებს ის.
რა გზა გაიარა მან ტელევიზიამდე, ამაზე არაერთხელ უსაუბრია:
“სულაც არ ვფიქრობ, რომ ტელეწამყვანი აუცილებლად ლამაზი უნდა იყოს. ისედაც, არ მიყვარს გარეგნობაზე აპელირება და არ ვფიქრობ, რომ სილამაზეს ადამიანის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. მართალია, ზოგიერთ პროფესიას ეს უფრო მეტად სჭირდება, ზოგს – ნაკლებად, მაგრამ მთავარი მაინც ადამიანის მონდომება და შრომისმოყვარეობაა. სილამაზის კონკურსშიც კი, სადაც ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვერაფერს მიაღწევ, თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯები. ეს კარგად გავაცნობიერე, როდესაც მოდელობა დავიწყე.
მართალია, ეს არც ჩემი პროფესია იყო, არც შემოსავლის წყარო, უბრალო გატაცება გახლდათ, მაგრამ დავრწმუნდი, რა დიდი შრომაა საჭირო, რომ სამოდელო ბიზნესში სახელი მოიხვეჭო და წარმატებას მიაღწიო. მარტო გარეგნობით ამ სფეროში ვერაფერს გახდები, თუ წელში გაწყვეტამდე არ იშრომე – ეს მაშინ, როცა ნულიდან იწყებ, თორემ სინდი კროუფორდის შვილი პოდიუმზე უპრობლემოდ მოხვდა, რადგან ის სინდი კროუფორდის შვილი იყო. როცა ადამიანი ყველაფერს ნულიდან იწყებს, მიზნის მისაღწევად, გაცილებით მეტი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, ტელევიზიაში”, – ამბობდა ეკო ფანგანი.
ეკო პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს ერიდება, თუმცა რომანტიკულ ურთიერთობასთან დამოკიდებულებაზე მაინც საუბრობს:
“პირად ურთიერთობებში რომ გაგიმართლოს, იღბლიანი უნდა იყო: იღბლიანი ადამიანი სიყვარულს უფრო ადვილად იპოვის, მაგრამ როცა იპოვის, მის შესანარჩუნებლად, მთავარი ურთიერთგაგებაა. სიყვარული, მოწონება, ვნება, ინტერესი – ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში სხვა გრძნობებით და ემოციებით იცვლება. თუ წყვილს შორის სიყვარული და ურთიერთგაგებაა, იმ თვისებების დათმენას და მიღებასაც შეძლებენ, რომელიც ერთ დროს არ მოსწონდათ. ვგულისხმობ ნორმალურ, ჯანსაღ ურთიერთობას, რომელშიც სიცრუე, ორპირობა და ღალატი არ არის.”