საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას “ვაიმარის სამკუთხედის” – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის – საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ.
განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს მათ შეშფოთებებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა და არასათანადო გამოძიებების ფონზე, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ ბრალდებებზე. განცხადების თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ არჩევნები არ ჩატარდა იმ სტანდარტებთან შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.
“ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისი გადახვევაა.
არაერთხელ მოვუწოდეთ საქართველოს ოფიციალურ პირებს, შემოებრუნებინათ თავიანთი კურსი და დაბრუნებულიყვნენ ევროკავშირის ინტეგრაციას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების დაცვითა და რეფორმების გატარებით.
მკაცრად ვგმობთ გასული კვირის ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიისა და ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, და აღვნიშნავთ საქართველოს ოფიციალური პირების პასუხისმგებლობას პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და დაიცვან ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების თავისუფლება და მედიის თავისუფლება. უმკაცრესად ვგმობთ პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ მუქარებს.
“ქართული ოცნების” მიერ რეპრესიისა და დემოკრატიული უკუსვლის პოლიტიკურ კურსს საპასუხოდ ევროპულ და ეროვნულ დონეებზე ჩვენი ურთიერთობების დაქვეითება და საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ჩვენი დახმარებისა და მათთან თანამშრომლობის შემცირება მოყვა.
შესაბამისად, ჩვენ აღვასრულებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, დაასრულოს უვიზო მგზავრობა საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და განვიხილავთ დამატებით ზომებს ევროკავშირისა და ეროვნულ დონეებზე.
საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს ჩვენს შეშფოთებებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა და არასათანადო გამოძიებების ფონზე, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ ბრალდებებზე. არჩევნები არ ჩატარდა იმ სტანდარტებთან შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოელიან.
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, ჩაერთონ ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის აქტორთან, რათა გამოსავალი იპოვონ არსებული ვითარებიდან და ქართული დემოკრატიისადმი საჯარო ნდობა აღადგინონ. საქართველოს საზოგადოების ნაწილებისგან მომავალი მოწოდება, მიღებულ იქნას ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და სტანდარტები, მათ შორის ახალი არჩევნების შესაძლებლობა, ოფიციალური პირების მხრიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სერიოზული დიალოგის სახით ყურადღებას იმსახურებს.
ხელახლა ვიმეორებთ ჩვენს გადაწყვეტილებას მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.