ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდპანდემიიდან ხუთი წლის შემდეგ მოუწოდა ჩინეთს, ვირუსის წარმოშობის შესახებ მონაცემები გაასაჯაროოს.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, „ეს არის მორალური და სამეცნიერო იმპერატივი“.
„ქვეყნებს შორის გამჭვირვალობის, ინფორმაციის გაზიარებისა და თანამშრომლობის გარეშე, მსოფლიო ვერ შეძლებს ადეკვატურად მოემზადოს და თავიდან აიცილოს მომავალი ეპიდემიები და პანდემიები“, – აცხადებს ორგანიზაციაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ვირუსი ბუნებრივად გადავიდა ცხოველებიდან ადამიანებზე, თუმცა ზოგიერთს კვლავ ეჭვი აქვს, რომ ის უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდების საპასუხოდ ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ყოველთვის ღია იყო თანამშრომლობისთვის და ვირუსის შესახებ ინფორმაციას პანდემიის დასაწყის ეტაპზევე უზიარებდა ორგანიზაციას.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში განაცხადა, რომ კოვიდ-19 აღარ წარმოადგენს „გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობას“. ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა მაშინ განაცხადა, რომ პანდემიის დროს, სულ მცირე, შვიდი მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, მან დასძინა, რომ მსხვერპლის რეალური მაჩვენებელი სავარაუდოდ 20 მილიონს უახლოვდება.
1tv.ge