,,შავდია’’ ქართული ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. ბრენდი საინტერესოა არა მხოლოდ იმით, რომ ქართულია, არამედ იმითაც, რომ ის ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. ამ მიზნით კოლექციებში გამოყენებულია ასომთავრული და მხედრული ანბანები, ორნამენტები, ქართველი მწერლების ვიზუალური გამოსახულებები და ცნობილი მხატვრების ტილოები.
ბრენდის დამფუძნებელი ელენე შავდია ,,კომერსანტთან’’ გასულ წელს აჯამებს. დიზაინერი აცხადებს, რომ 2024 წელი მათთვის არა მხოლოდ გაყიდვების ზრდის, არამედ ფილოსოფიის გაფართოების წელი იყო.
,,ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ პროდუქტს – ჩვენ ვქმნით ემოციებს, რომლებიც გადის დროისა და საზღვრების მიღმა. ამ წელს, გაყიდვებში არა მხოლოდ ციფრები გვახარებდა, არამედ იმ ადამიანების ისტორიები, რომლებმაც ჩვენი პროდუქცია შეიძინეს და თავიანთი ცხოვრების ნაწილი გახადეს. მაგალითად, ქალბატონი ამერიკიდან, რომელიც ჩვენი შარფებით ქართული ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, ან ტურისტი იაპონიიდან, რომელმაც „შავდიას“ ჩანთა ხელოვნების ნიმუშად ჩათვალა და სახლში საგამოფენო კუთხეში მოათავსა. ჩვენთვის ცნობადობა ნიშნავს, რომ „შავდია“ არ არის მხოლოდ სახელი – ეს არის ქართული სული, რომელიც ყველა ჩვენგანში ცხოვრობს.’’- აცხადებს ელენე შავდია.
ბრენდის მიმართ უცხოელების ინტერესი მზარდია. ,,შავდიას’’ მაღაზიას სულ უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. მათში განსაკუთრებული პოპულარობით ის ნამუშევრები სარგებლობს, რომლებიც ასომთავრულითა და ქართული მწერლების პორტრეტებითაა გაფორმებული.
,,ტურისტები ხშირად გვსტუმრობენ მაღაზიებში და მათი პირველი რეაქცია თითქმის ყოველთვის ერთნაირია – გაოცება და აღტაცება. საგულისხმოა, რომ ჩვენი კოლექციები მათთვის არა მხოლოდ მოდური სამოსია, არამედ გზა, რომლითაც მათ შეუძლიათ ქართული კულტურა თან წაიღონ. მაგალითად, ხშირად გვესმის ფრაზები: „ეს შარფი თითქოს ქართული პოეზიის სუნთქვას ატარებს“ ან „ამ ჩანთით ჩემს მეგობრებს სახლში ავუხსნი, რა არის საქართველო“. განსაკუთრებული ყურადღება უცხოელების მხრიდან მიიპყრო ჩვენმა ნამუშევრებმა, რომლებიც ასომთავრულითა და ქართული მწერლების პორტრეტებითაა გაფორმებული. ტურისტებისთვის ეს პროდუქტი უნიკალური ხსოვნის სიმბოლო ხდება, რომელიც ქართულ ისტორიასა და ხელოვნებას მოიცავს. ჩვენი მიზანია, „შავდია“ გახდეს ერთგვარი ელჩი, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს, საქართველოს კულტურა ახლოს გაიცნონ. და თუ მაღაზიებში მათი სტუმრობა ნებისმიერი საუბრის დაწყებას ჰგავს, სოციალური ქსელების საშუალებით ჩვენი ისტორია მათ ქვეყნებშიც გაგრძელდება.’’- აცხადებს ელენე შავდია.
ბრენდის დამფუძნებელი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა მოვლენებმა ბაზარზე გავლენა მოახდინა, თუმცა ეს ,,შავდიას’’ გაყიდვებზე ნეგატიურად არ ასახულა.
,,პოლიტიკურმა მოვლენებმა და აქციებმა გავლენა მოახდინა ბაზარზე. თუმცა, „შავდია“ ასეთი პერიოდებისთვისაც არის სიმბოლო სტაბილურობისა და კულტურული თვითგამოხატვის. ჩვენი მომხმარებლები ხშირად ამბობენ, რომ „შავდიას“ პროდუქცია მათთვის მხარდაჭერისა და ერთიანობის განცდის გამომხატველია, რაც გაყიდვების სტაბილურობასაც უწყობს ხელს. „შავდია“ არ არის პროდუქტი, რომელსაც მხოლოდ ერთ სეზონზე იცვამენ – ეს არის კულტურის ნაწილი, რომელსაც ადამიანები ეზიარებიან. მოთხოვნა გაიზარდა განსაკუთრებით ჩვენი ახალი კოლექციის მიმართ, რომელშიც ქართული მწერლები და მათი ისტორია გადმოვიტანეთ მოდის ენაზე. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მოთხოვნა ჩვენი ტანსაცმლის მიმართ არ არის უბრალოდ ტრენდი – ეს არის ნოსტალგიისა და სიახლეების უნიკალური შერწყმა, რომელიც ადამიანებს განუმეორებელ გამოცდილებას სთავაზობს.’’- აცხადებს ელენე შავდია.
ბრენდი ქალის, მამაკაცისა და ბავშვებისათვის განკუთვნილ ხაზებს აერთიანებს, თუმცა ყველა ხაზის სამოსს ქართული ტრადიციები და წარსულიდან მომავლისკენ მიმავალი ხედვა აერთიანებს. ბრენდის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ფაქტორის გამო მათ სამოსს თავისი ცოცხალი ისტორია აქვს, რაც ადამიანებისთვის მუდმივად მიმზიდველია.
ელენე შავდიას ბრენდის გეგმებზეც ვესაუბრეთ. დიზაინები აცხადებს, რომ ახალ კოლექციებში ქართული კულტურა და თანამედროვე მოდა ახალი ფორმებით გაერთიანდება.