გორში სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გორში სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია – „სპორტული გორი 2024“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 2024 წლის მიღწევები შეაჯამეს, ამასთან, წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს. ასევე, გამოავლინეს სამ ნომინაციაში გამარჯვებულები.
„ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, საქართველოს ჩემპიონებს, სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებსა და მათ მწვრთნელებს.
2024 წლის შედეგების მიხედვით, ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ:
წლის საუკეთესო სპორტსმენი – გენო პეტრიაშვილი,თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2024 წლის ოლიმპიური ჩემპიონი;
წლის საუკეთესო მწვრთნელი – არჩილ ბარამიძე, ტიტულოსანი ფალავნის გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მწვრთნელი;
წლის საუკეთესო გუნდი – ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი“, ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი;
ღონისძიება ყოველ წელს ტრადიციულად გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება. პროექტი განხორციელდა „სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.