ბულგარეთი მზად არის, მოლდოვას გაზის მიწოდებაში დაეხმაროს, – ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვლადიმერ მალინოვმა განაცხადა.
მალინოვმა აღნიშნა, ბულგარეთი მზად არის დახმარება გაუწიოს მოლდოვას მას შემდეგ, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ პირველი იანვრიდან მოლდოვას გაზის მიწოდებას შეუწყვეტს.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთი თვის წინ, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა დოკუმენტი კრიზისზე რეაგირების შესახებ.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრთან, ამიტომ, მათ ჩვენი იმედი აქვთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ. მზად ვართ დავეხმაროთ, „ბულგარგაზის” მეშვეობით, თუ ისინი დახმარებას გვთხოვენ“, – განაცხადა ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რუსული ტრანსნაციონალური ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდებას პირველი იანვრიდან შეუწყვეტს.„გაზპრომის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა გამოწვეულია მოლდოვის მიერ ხელშეკრულების დარღვევასა და დავალიანების დაფარვის დარეგულირებაზე უარით. მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მოლდოვა წელიწადში, დაახლოებით, ორ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან იღებს. 2022 წლიდან მთელი რუსული აირი დნესტრისპირეთს მიეწოდება, სადაც ის გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი – საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებისთვის.