ბოლო ორი წელია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) დინამიკა იკლებს. ქვეყანამ 2023 წელს FDI-ის სახით 1.9 მლრდ დოლარი მიიღო – 15.6%-ით ნაკლები, ვიდრე 2022 წელს. კლების დინამიკა გრძელდება 2024 წელსაც.
წლის პირველ 9 თვეში FDI-ის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით არის შემცირებული. იანვარ-სექტემბრის პერიოდში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 966.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 4%-ია. როგორც 2023, ასევე 2024 წელს FDI-ის წილი ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში მცირდება. შედარებისთვის, ამაზე დაბალ მაჩვენებელზე მშპ-სა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თანაფარდობა ბოლო 10 წლიან პერიოდში, მხოლოდ პანდემიის პერიოდში, 2020 წელს იყო.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] ინფორმაციით, 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო სექტორი (211.6 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 21.9%), ელექტროენერგია (150.3 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 15.6%), დამმუშავებელი მრეწველობა (147 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 15.2%), ვაჭრობა (126.1 მლნ აშშ დოლარი, მთლიანი FDI-ის 13.1%).
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან შემოსული FDI 3.1-ჯერ შემცირდა და 212 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის პირველ 9 თვეში ეს მონაცემი 663 მლნ დოლარს შეადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციები დსთ-ს 86%-ით აღემატება, მაშინ როდესაც 2023 წელს სხვაობა 248%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის 9 თვეში დსთ-ს ქვეყნებიდან 114.3 მლნ დოლარის FDI განხორციელდა.
საქსტატის მეთოდოლოგიით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა (FDI) ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობას და ამ საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას გულისხმობს. პირდაპირი ინვესტიციები მოიცავს არა მხოლოდ კაპიტალის ჩადების საწყის ოპერაციას, არამედ ყოველ შემდგომ ოპერაციას. იმისთვის, რომ ინვესტიცია FDI-იდ ჩაითვალოს არარეზიდენტი პირი ადგილობრივ კომპანიაში (მაგალითად, უცხოელი საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში) უნდა ფლობდეს საწარმოს აქციების ან საწესდებო კაპიტალის მინიმუმ 10%-ს.
