„ფიზიოლოგიური მშობიარობისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ექიმის მიმართ ნდობას და სამინისტრომ ორსულებს მისი არჩევის საშუალება უნდა დაუტოვოს“ – ლევან კობერიძე

„ფიზიოლოგიური მშობიარობისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ექიმის მიმართ ნდობას და სამინისტრომ ორსულებს მისი არჩევის საშუალება უნდა დაუტოვოს“ – ლევან კობერიძე
„DRG სისტემის ამოქმედებას სამშობიარო სახლებში პოზიტიურად ვაფასებ. განსაკუთრებით იმ თვალსაზრისით, რომ საკეისრო კვეთის და მშობიარობის ფასები არის გათანაბრებული. ეს შეამცირებს კლინიკების და პაციენტების იმ ცდუნებას, რომ ჩვენების გარეშე ჩატარდეს საკეისრო კვეთები. ასეთ დროს კლინიკებისთვის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია იყო სწორედ სახელმწიფოსგან დაფინანსების მიღება. იმედი მაქვს ან ნაწილში კარგი ტენდენცია გვექნება და ჩვენების გარეშე ჩატარებული საკეისრო კვეთების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება“, – ასე აფასებს ბიზნესკონსულტანტი ლევან კობერიძე სამშობიარო სახლებში DRG სისტემის ამოქმედების პროცესს.
მისი თქმით, შენიშვნა ჯანდაცვის სამინისტროსთან მხოლოდ ფიზიოლოგიურად მშობიარობის შემთხვევაში პირადი ექიმის აყვანის უფლების შეზღუდვას ეხება, რადგან ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეან-გინეკოლოგის მიმართ ნდობას და სახელმწიფომ მისი არჩევის შესაძლებლობა მშობიარეებს უნდა დაუტოვოს.
„მეორე ძალიან ყურადსაღები ცვლილება არის ის, რომ ორსულს სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობის შემთხვევაში ეზღუდება უფლება აირჩიოს პირადი ექიმი. ამ ნაწილში სამინისტროს არ ვეთანხმები, რადგან ორსული არ არის პაციენტი. ის არის ჯანმრთელი ადამიანი, რომელმაც ახალი სიცოცხლე უნდა მოავლინოს ქვეყნად. ამიტომ სხვა ქირურგიული ოპერაციებისგან განსხვავებით, როცა პირველ რიგში კვალიფიციურ მომსახურებას აქვს მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ექიმსა და მშობიარეს შორის ნდობა და ფსიქოლოგიური ფაქტორი.
ორსულთან მიმართებით გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს მეან-გინეკოლოგთან ურთიერთობას და მის ფსიქოლოგიურად მომზადებას მშობიარობისთვის. ეს არის ის სპეციფიკა, რაც მას სხვა დარგებისგან განასხვავებს და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.
ექიმის შერჩევის უფლების დატოვებას მე ვემხრობი მხოლოდ ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში და არა საკეისრო კვეთის დროს. კლინიკებს ვეტყოდი, რომ როგორც კი ისინი სამინისტროს არასწორ მოთხოვნებს უყენებენ, სამინისტრო მათ მკაცრ პასუხს სცემს.
სამშობიაროებს ვურჩევდი, იმდენად კარგად დაალაგონ საკუთარი ფინანსური აღრიცხვიანობა და იმდენად კარგი სპეციალისტები იყოლიონ, რომ ორსულს აღარ ჰქონდეს სიფრთხილის განცდა და ენდობოდეს მათ მეან-გინეკოლოგებს. ასევე შესაძლებელია, რომ სამშობიაროებს შეუძლიათ იზრუნონ იმაზე, რომ ორსულები თავიდანვე ჩართონ მათ სისტემაში, მოიპოვონ მათგან ნდობა და ასეთ შემთხვევაში, მშობიარეს აღარ ექნება სურვილი მშობიარობისთვის კონკრეტული, პირადი ექიმის აყვანის მოთხოვნა.
ის ნაწილი, რაშიც ვხედავ ცვლილების აუცილებლობას, არის მშობიარეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინება, შესაბამისად ფიზიოლოგიურად მშობიარობის დროს სახელმწიფომ უნდა დაუშვას პირადი ექიმის აყვანის უფლება“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.
მისივე თქმით, ასევე საჭიროა გადაიხედოს დაფინანსების ოდენობა გართულებული ორსულობისა და გართულებული მშობიარობის შემთხვევებზე, რადგან ეს მოცემულობები მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული და არ შეიძლება ეს არ იყოს გათვალისწინებული.
„რაც შეეხება გართულებულ ორსულობას და გართულებულ მშობიარობას, როცა დამატებით სხვა სამედიცინო სერვისებია საჭირო, ამ მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტროსთან მექნება რეკომენდაცია გადახედონ ანაზღაურების ოდენობას ანუ გამოიყენონ დიფერენცირების და დაჯგუფების პრინციპი და ადეკვატურად განსაზღვრონ დაფინანსების თანხა, რადგან ასეთ შემთხვევებში, გასაგებია, რომ 1221 ლარი ვერ იქნება საკმარისი. ამ პროცესში უნდა იყოს სამართლიანი მიდგომა როგორც სამშობიაროების, ისე სამინისტროს მხრიდან “, – განაცხადა ლევან კობერიძემ.
მისვე თქმით, ქვეყანაში მსგავსი ცვლილებების მიღებამდე, როგორიც DRG სისტემის დანერგვაა, აუცილებელია მოხდეს საჯარო განხილვები დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში საჯარო სივრცე არის პარლამენტის ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტი, სადაც უნდა განიხილებოდეს ამ სისტემის უპირატესობები და ნაკლოვანებები, გათვალისწინებული უნდა იყოს მხარეთა ინტერესები და გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს არა იმპერატიულად, არამედ კონსენსუსის საფუძველზე.