უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, კიევში ათივე რუსული რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე დღევანდელი შეტევისას 10 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ათივე რაკეტა ჩამოაგდო.
ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა 51 ადამიანი. ყველაზე უფროსი 80 წლისაა, უმცროსი – ხუთის.
ადმინისტრაციის თანახმად, კიევის ოთხ რაიონში ნამსხვრევების ჩამოცვენის ათამდე შემთხვევა იყო. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, საავადმყოფოს შენობა, ავტომობილები და წყლით მომარაგების სისტემის მილები. 9-სართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის გამო საჭირო გახდა მობინადრეთა ევაკუაცია.
უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც.
ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ