მათე სოხაძის განცხადებით, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა, შრომითი ხელშეკრულება პოლიტიკური ნიშნით აღარ გაუგრძელეს.
მათე სოხაძის თქმით, ის საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და ასევე არის ერთ-ერთი ხელმომწერი საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადების, რომელშიც გაკრიტიკებულია „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე.
„როგორ შეიძლება დაიწყოს 30 დეკემბრის დილა მთავრობის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის, რომელსაც თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საჯარო სექტორში დასაქმებულთა განცხადებაზე ხელმოწერის გზით და თან საპროტესტო აქციებზეც დადის? – ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ახალი წლიდან კონტრაქტს აღარ მიხანგრძლივებენ. ვერ ვიტყვი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო, საჯარო სექტორის დაანონსებული “გაჯანსაღების” და “თვითწმენდის” ფონზე, თუმცა უფრო ადრე შეტყობინებას ვისურვებდი.
სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მხოლოდ იმ მოლოდინის ნორმალიზება, რომ პოლიტიკური ნიშნით გაგათავისუფლებენ, კარგი ინდიკატორია იმის მისახვედრად, როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ახლა.
მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ვერ ხვდება, რომ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ფორმდება, ან ხვდება და იღებს ამ რეალობას, რადგან ნაცების, ლოკალური და გლობალური ომის პარტიის, დიფ სთეითისა თუ მასონების ეშინია. დავუშვათ, მართლა არსებობს რაღაც ძალა, რომელსაც საქართველოს ომში ჩაბმა და განადგურება უნდა. ამის საპირწონედ საქართველოს ხელისუფლება რას აკეთებს? “გლობალურ ომის პარტიასთან” ბრძოლა ინდულგენციაა ქვეყანაში ავტოკრატიის დასამყარებლად? თუ სიმართლის მხარეს ხარ, რატომ ვერ იცავ და ამტკიცებ მას რეპრესიების, ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუციის დაპატრონების და პროპაგანდის გარეშე?
დააკვირდით, რა არის პროპაგანდის მთავარი ხაზი საქართველოში. იმას კი არ ამტკიცებენ, რომ თვითონ ოპტიმალური მმართველები არიან (ეს ბევრი მიზეზის გამო არ გამოვა), სანაცვლოდ, ირიბად აღიარებენ, რომ დიდად არ ვარგიან, თუმცა სხვები გაცილებით უარესები არიან. სწორედ გაურკვეველ მომავალზე შიშის თესვით და კულტივირებით უნდათ, რომ აწმყოში მომხდარი ცუდი ნორმალიზდეს, რადგან ეს “დიად მიზანს” ემსახურება, ჩვენი მომავლის უარესისგან დაცვას.
ცუდის ნორმალიზება, არასახარბიელო სტატუს-კვოს შენარჩუნება, ავტორიტარიზმის გაფორმებაზე თვალის დახუჭვა – არც მორალურია და არც პრაგმატული. არასდროს იცი, როდის გახდება “დიადი მიზნებისთვის საჭირო” შენს თავს დამტყდარი ცუდის გამო გაჩუმება“, – წერს მათე სოხაძე Facebook-ზე.
როგორც მათე სოხაძემ ნეტგაზეთს უთხრა, ის მთავრობის ადმინისტრაციაში 2024 წლის თებერვლიდან მუშაობდა, პირველი ივლისიდან კი საჯარო მმართველობის სამმართველოს სპეციალისტი იყო, საერთაშორისო ურთიერთობების, სტრატეგიული დაგეგმვისა და კოორდინაციის დეპარტამენტში.
მისი თქმით, ის მანამდეც საჯარო მოხელე იყო და 2018-2023 წლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში მათე სოხაძის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას არ ადასტურებენ. როგორც ადმინისტრაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, მათე სოხაძე შტატგარეშე თანამშრომელი იყო, რომელსაც კონტრაქტი ამოეწურა და აღარ გაუგრძელეს.
28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა, რაც არაერთმა საჯარო მოხელემ ღიად გააკრიტიკა.
მას შემდეგ, რაც ასობით საჯარო მოხელე ღიად გაემიჯნა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე, პარტიამ საპასუხო ზომად საჯარო სამსახურის შესახებ კანონის დაჩქარებულად შეცვლა გადაწყვიტა.
„ქართულ ოცნებაში“ ცვლილებების მიზნად სახელდება „საჯარო სექტორის გაჯანსაღება“ , მესამე სექტორსა და ოპოზიციაში მას არასასურველი კადრებისაგან საჯარო სამსახურის წმენდად აფასებენ.
ბოლო დღეებში არაერთმა საჯარო მოხელემ, რომელსაც კრიტიკული პოზიცია აქვს დაფიქსირებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, განაცხადა, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.