ქვეყნის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მხოლოდ ერთეულებზე აისახება – დავით ბეგიაშვილი

ბიზნესმენი, კომპანიის “ალბატროს ჯგუფი” დამფუძნებელი, დავით ბეგიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არაპროფესიონალები არიან, რომლებმაც ყველაფერი ამ დრომდე, ერთეული ადამიანებისთვის გააკეთეს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში “ბიზნესის კვირეული” ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაზედაც საქართველოს ხელისუფლება აპელირებს, რეალობას არ ასახავს, რაც როგორც ქვეყანაში, ასევე თვითონ მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებაში იგრძნობა.
„ამ ხელისუფლებაში არიან არაპროფესიონალები. ამ 12 წლის განმავლობაში, ყველაფერი ძალიან ცუდად განვითარდა, რაც გაკეთდა, გაკეთდა ერთეული ადამიანებისთვის. ეკონომიკაც არც ისე ბრწყინავს, სავალალო და ახლა უკვე კატასტროფულ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, დემოკრატიის დონეც დაბალია. ეს ბოლო დროინდელმა მოვლენებმაც აჩვენა. დარბევამ, ადამიანების დაპატიმრებამ, ჟურნალისტებზე თავდასხმები და ა.შ. აღარ ვსაუბრობ კანონმდებლობაზე.
ქვეყნის თითოეული მოსახლე გრძნობს, თუ რა მდგომარეობაშია ქვეყანა და რა მდგომარეობაშია თვითონ მოქალაქე. ეს ციფრები ერთია [ორნიშნა ეკონომიკური ზრდა], მაგრამ როგორც ჩანს რეალობა სხვა არის. ყველაფერი იგრძნობა თვითონ ქვეყანაშიც, მოქალაქის ყოფა-ცხოვრებაშიც და ერთეულები, რომლებიც კომფორტულად გრძნობენ თავს, მათთვის რა თქმა უნდა, გაზრდილია ცხოვრების დონეც და ყველაფერიც“, -ამბობს ბიზნესმენი.
დავით ბეგიაშვილს სახელმწიფოსთან აქვს გარკვეული პრეტენზიები, რაზედაც მან პირდაპირი ეთერის საშუალებით, BMG-ზე ისაუბრა.
მისი თქმით, თავადვე იბრძოდა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოსულიყო. მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლებამ მისი ოჯახი და ბიზნესი დააზარალა. შესაბამისად, მას აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ მმართველ პარტიასთან პრეტენზიები ჰქონდეს.
„ბრძოლის დასაწყისშივე, ისინი არ იყვნენ პირნათელი. ამასთან, ქვეყანაში უსამართლობა დაამკვიდრეს. მოსამართლეები უვადოდ დაამტკიცეს. მიიტაცეს ინსტიტუციები და საკუთარი კონტროლის ქვეშ აიყვანეს. ძალადობაზე გადავიდნენ და რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ეს ყველაფერი გადმოიბარეს, შეიძლება გააორმაგეს კიდეც. პლუს ამას მწვალებლები გაიერთიანეს. იმ ხელისუფლებაში ვინც მწვალებლები და ჯალათები იყვნენ, ის ადამიანები გაიერთიანეს თავის რიგებში. თუმცაღა ხშირად ახსენებენ, რომ მეორე მხარეში დგას კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ თუ დავაკვირდებით, მათ რიგებში დგანან ის მწვალებლები და ჯალათები, რომლებიც იმ ხელისუფლების დროს ხალხზე ძალადობდა. იგივე მდგომარეობაა, სასამართლოს შემთხვევაში, რომელიც გადაიბარეს“, – აცხადებს დავით ბეგიაშვილი.
ბიზნესმენი ამბობს, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის გზად არჩევნებს ხედავს, რომ ქვეყანა პროფესიონალმა გუნდმა გადაიბაროს, რომელსაც ქვეყნის აშენება, ეკონომიკის წარმოება და ა.შ. შეეძლება. ის დასძენს, რომ 30 წელია ქვეყანა ერთსა და იმავე სიტუაციაში ტრიალებს, როდესაც ერთი ხელისუფლება მიდის და მეორეზე ანგარიშსწორებას ახორციელებს. მისი თქმით, გამოსავალია ხელისუფლებაში პროფესიონალი ადამიანები მოვიდნენ.